237-მდე გაიზარდა იმ ბიზნსეს-კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნას და პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვენ.
კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Freebusiness-ზე დააფიქსირეს, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა.
კომპანიების სრულ ჩამონათვალს ნახავთ აქ – www.Freebusiness.ge-ზე.
„არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება.ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას“, – ნათქვამია Freebusiness-ზე.
პლატფორმის პრეზენტაცია გუშინ, BMGTV-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ გაიმართა.
“ვფიქრობ, უნდა იყოს გამჭვირვალე – რომელი ბიზნესი სად დგას დღეს და რა პოზიციას უჭერს მხარს, რომ ეს არ დაიკარგოს სადღაც პოსტებში, სოციალურ მედიაში და ა.შ… ამ პლატფორმის ჭრილში გვინდა, ბიზნესებმა მოითხოვონ ამ განცხადებასთან მიერთება, რის შემდეგაც გადამოწმდება და შემდეგ განთავსდება ინფორმაცია, რომელი ბიზნესი უერთდება ამ პლატფორმას. პლატფორმაზე იქნება მეორე ფუნქციონალიც, რომ ხალხმა მოითხოვოს ამა თუ იმ ბიზნესის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება. ადამიანებს ძალიან აინტერესებს – მე თუ მივდივარ და ამ კომპანიის მომხმარებელი ვარ, მაინტერესებს, სად დგას ეს ორგანიზაცია; როდესაც პლატფორმის მენეჯმენტი ანალიტიკაში ვნახავთ, რომელი კომპანიებისგან ითხოვს ხალხი პოზიციის დაფიქსირებას, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, – ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.