მიქაუტაძის გოლი და ჩხუბი დონარუმასთან – “ლიონმა” პსჟ-სთან მარცხი განიცადა [VIDEO]

ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში „ლიონი“ გასვლაზე პსჟ-სთან 1:3 დამარცხდა.
მატჩის წინ კლუბების მფლობელებს ჩემპიონატის შეხვედრების ტრანსლაციების უფლებების გამო კონფლიქტი მოუვიდათ და ერთმანეთი გამოლანძღეს. ჯონ ტექსტორმა თავის პარიზელ კოლეგაზე, ნასერ ალ-ხელაიფიზე თქვა, რომ განდიდების მანიითაა შეპყრობილი, კატარელმა კი განაცხადა, რომ ამერიკელს ფეხბურთის არაფერი გაეგება.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა პიერ საჟმა თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მოულოდნელად სასტარტოში დააყენა. მასპინძლები დებიუტში კომფორტული უპირატესობით, 2:0 დაწინაურდნენ და თამაში დააწყნარეს. სტუმრები მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდნენ, მიქაუტაძე თითქმის უბურთოდ იყო, თუმცა ქართველმა პირველივე შანსი გამოიყენა და
ანგარიში შეამცირა, რის შემდეგაც მეკარე დონარუმასთან მცირე შეხლა შემოხლა მოუვიდა, ხოლო მსაჯმა ორივეს ყვითელი ბარათი უჩვენა. შესვენებაზე გასვლის წინ გიორგი ჯანლუკასთან მივიდა, ურთიერთობა გაარკვია და პრობლემა ამოიწურა.
მიქაუტაძე 66-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა, „პარი სენ ჟერმენმა“ კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.
ამით შეწყდა ყველა ტურნირზე „ოლიმპიკის“ ოთხმატჩიანი მოგებათა სერია, 25 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს გასვლაზე, თასზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ფენი ოლნუასთან“ ჩაატარებს.
პსჟ – ლიონი 3:1
გოლები: 1:0 დემბელე (8), 2:0 ვიტინია (14, პენ), 2:1 მიქაუტაძე (40), 3:1 რამუში (88)