ილია დარჩიაშვილი – აღმოსავლეთ პარტნიორობა გვაძლევს მექანიზმს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისთვის – შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს

აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში იყოს აქტიურად ჩართული მომავალშიც, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს მექანიზმებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც რომელიც ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორების მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
მინისტრმა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.
“დაკავშირებადობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკურად ვახდენთ ჩვენი ქვეყნის ასოცირებას და ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ევროკავშირში, არის უამრავი პროექტი, მაგალითად შავი ზღვის ელექტრო კაბელი და ბევრი სატრანსპორტო პროექტი, რომლითაც ჩვენ ფიზიკურად უნდა დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი ერთ-ერთი იქნება, სადაც ჩვენ ინტეგრაციისთვის საჭირო და სასიცოცხლო პროექტებზე ვისაუბრებთ”, – განმარტა ილია დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, პარტნიორები ეჭვქვეშ არ აყენებენ ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგებს, რაც საქართველოს ხელისუფლებას აძლევს ახალ ძალას და იმპულსს ევროინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების შემდგომი გაგრძელებისთვის.
„ეს არის გარდაუვალი პროცესი, რადგან ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია პირდაპირ კავშირშია რეფორმების გატარებასთან,” – ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანს.
„კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ახალ ფაზაში გადაინაცვლოს და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრების შესახებ”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.