“თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიც ქვეყნიდან გავლენ, ბიზნესის გაყიდვა მომიწევს” – PUB 44

სპორტული პაბი PUB 44-ის დამფუძნებელი, ელენე კვირიკაშვილი BM.GE-სთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ეფექტს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათ ბიზნესს შემოსავლების 75%-იანი ვარდნა აქვს.
მისივე პროგნოზით, პროცესები მუდმივად ასე არ გაგრძელდება, თუმცა რაღაც რეალობა დადგება, რაზედაც ქვეყანას გადაწყობა მოუწევს. კვირიკაშვილი დასძენს, რომ თუ საქართველო არც ევროპისკენ წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ქვეყანას დატოვებენ, მას ოპერირების შეწყვეტა მოუწევს.
„შემოსავლების 75%-იანი ვარდნა გვაქვს. გასართობი ღონისძიებები აღარ გვაქვს. არ ვარეკლამებთ არაფერს, რადგან არ მიგვაჩნია, რომ ახლა მაგის დროა. არც ღონისძიებების ანონსი არ გვაქვს. ახლა ვინც არიან ჩვენი სტუმრები, ისინი ძირითადად უცხოელები არიან. ქართველი სტუმრები ჩვენ არ გვყავს.
ამ ეტაპზე, რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. მგონია, რომ პროცესები ასე არ გაგრძელდება, რაღაც რეალობა დადგება, რომელზე გადაწყობაც მოგვიწევს. იმ ფორმატში, როდესაც არც ევროპისკენ მივდივართ და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ქვეყნიდან გავლენ, ოპერირებას აღარ გავარძელებთ და ბიზნესს გავყიდი. თუმცა უკეთესი ცვლილებების იმედი მაქვს“,- აცხადებს კვირიკაშვილი.