საქართველოს ინფორმაციული კომუნიკაციების ასოციაციის განცხადებით, ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ევროპულ კურსს ეწინააღმდეგება და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს უპირისპირდება. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ დაპატიმრებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს არჩევნები.
განცხადების თანახმად, ისინი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ერთადერთი კანდიდატის არჩევას, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა.
“ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, მკაფიოდ ვაფიქსირებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, ასევე განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს, მიუღებელია ჩვენთვის. ეს ქმედებები უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, ქართველი ხალხის ნებას და ქვეყნის კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს მიზანს – გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი.
ამასთან, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია არალეგიტიმური პარლამენტის კოლეგიის მიერ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატის არჩევა, რომლის პროცესშიც ალტერნატიული კანდიდატი საერთოდ არ არსებობდა. ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ქართველი ხალხის ნებას და კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის ინსტიტუციურ კრიზისს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ICT სექტორის წარმომადგენლების თქმით, ევროპასთან კავშირის გაწყვეტა ტექნოლოგიურ პროცესსა და ეკონომიკას აფერხებს.
“ევროპასთან კავშირების გაწყვეტა აზიანებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მთლიანად ეკონომიკას, აფერხებს ინვესტიციებს და საქართველოს განვითარების შესაძლებლობებს. ამ ვითარებაში, საქართველოს ევროპული კურსის შესუსტება წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს როგორც ჩვენი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის, ასევე მთლიანად საზოგადოების პროგრესისთვის.
ჩვენ, საქართველოს ICT სექტორის წარმომადგენლები, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას და მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შელახვას. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას:
· დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ბოლო პერიოდში დაპატიმრებულები – ადამიანები, რომლებიც ქმნიან საქართველოს პროგრესულ მომავალს;
· დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდეს ახალი არჩევნები;
ევროპული მომავალი საქართველოსთვის თავისუფლების და პროგრესის გზაა, და ჩვენი სექტორი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ კურსს საფრთხე არ შეექმნას.
მოვუწოდებთ საქართველოს ICT სექტორის ყველა წარმომადგენელს, შეუერთდნენ ამ მიმართვას ხელმოწერით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, პროგრესულ განვითარებას”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმოწერა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია აღნიშნულ ლინკზე.