2022 წლის აპრილში ხუთი წლის ვადით პრეზიდენტად ხელახლა არჩეული ემანუელ მაკრონის რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრის პირველი მისია სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბება და მისი პროგრამის წარდგენა იქნება.
უაღრესად დიფერენცირებულ პარლამენტში გარკვეული უმრავლესობის არსებობის გარეშე სტაბილურობის აღდგენა და იმედგაცრუებული ფრანგების პოლიტიკისკენ შემობრუნება მისთვის ყველაზე რთული ამოცანა იქნება. „ყველანაირად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ აუცილებელ პროცესს“, – პირობას დებს ფრანსუა ბაირუ.
ახალ პრემიერს გაცნობიერებული აქვს, რა რთული გზა ელის. „მე კარგად მესმის ამ სიტუაციის სირთულეები“, – აღნიშნა მან ბარნიესთან შეხვედრის შემდეგ.
საფრანგეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ახალმა მეთაურმა ასევე ისაუბრა ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შესახებ, ანუ იმ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე, რომელმაც შეიძლება მომავალ თაობებსაც კი დაასვას თავისი დაღი. ის აპირებს, რომ რეალობას თვალი გაუსწოროს და რიგითი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზე მაღალფარდოვანი რიტორიკის გარეშე იმუშაოს.
„დეფიციტი და ვალი მორალური პრობლემაც არის“, – განაცხადა ბაირუმ და იქვე დასძინა, რომ ყველაფერს გააკეთებს მათ შესამცირებლად, რათა „ფრანგებს ტვირთი შეუმსუბუქოს“.
„ჩვენ ვალდებულები ვართ, სიტუაცია გამოვასწოროთ და საჭირო ბალანსი ვიპოვოთ“, – აღნიშნა მან.
„შექმნილ რთულ ვითარებაში ასე ვიმოქმედებ: არაფერს დავმალავ, არაფრის იგნორირებას არ მოვახდენ და უყურადღებოდ არაფერს დავტოვებ“, – ირწმუნება საფრანგეთის ახალი პრემიერი, რომელიც არ აპირებს, „ცდუნდეს“ იმით, რომ ფოკუსირება „ერთ ან ორ საკითხზე“ მოახდინოს და დანარჩენს ნაკლები ყურადღება დაუთმოს.
„მე ასეთ კურსს არ გავატარებ. მიმაჩნია, რომ ასეთ სერიოზულ მომენტში, ქვეყნისთვის, ევროპისთვის და პლანეტისთვის შექმნილი ყველა რისკის ფონზე, ჩვენ ვალდებულები ვართ, თვალი გავუსწოროთ და შევებრძოლოთ ათწლეულების მანძილზე დაგროვილ, მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს, უნდა მოვძებნოთ საჭირო ბალანსი, რომელთა გარეშეც ცხოვრება ძნელია“, – განაცხადა ფრანსუა ბაირუმ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა „რიგით ფრანგებსა და ხელისუფლებას შორის განხეთქილებაზე, მათ შორის შუშის კედლის“ არსებობაზე და გასცა დაპირება, რომ ყველაფერს გააკეთებს ამ ბარიერის დასაძლევად.
„თავად მე ქვედა ფენების და სოფლად მცხოვრებთა წარმომადგენელი ვარ, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და საზოგადოებრივი სიკეთეებით სარგებლობა არ შეუძლიათ. ჩვენი, როგორც მოქალაქეების, როგორც მშობლების, როგორც რესპუბლიკელების მოვალეობაა, მივცეთ შესაძლებლობები მათ, ვისაც ის დღეს არ გააჩნია. ჩემთვის ეს წმინდა მოვალეობაა“, – განაცხადა ბაირუმ.
ჰენრი IV-ის (ანრი IV ბურბონი – ნავარის მეფე 1572-1610 წლებში და საფრანგეთის მეფე 1589-1610 წლებში – რედ.) მაგალითად მოყვანით, რომელიც „ საფრანგეთში წააწყდა უფრო მძიმე პრობლემებს, თანაც უფრო რთულ დროს, ვიდრე დღეს არის“, ახალმა პრემიერმა, თავისი გამოსვლის ბოლოს აღნიშნა: „ყველანაირად ვეცდები, ხალხის და ხელისუფლების შერიგებას ვემსახურო და ვფიქრობ, რომ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი შესაძლო გზა“.
უნდობლობის გამოცხადების მუდმივი საფრთხის ქვეშ მყოფი ფრანსუა ბაირუსთვის ამის გაკეთება ადვილი ნამდვილად არ იქნება, მითუმეტეს, მიშელ ბარნიეს პრემიერობის შემდეგ, რომელმაც ამ პოსტზე მხოლოდ სამი თვე გასძლო.
თუმცა, მან მაინც გადაუხადა მადლობა ბარნიეს გამბედაობისთვის, რაც ნიშნავს, რომ გამოწვევა მიღებულია.
„მადლობელი ვარ თქვენი, როგორც მოქალაქის, იმ რისკისთვის, რომელიც ამ ფუნქციის შესრულებით გასწიეთ, თანაც დიდი სირთულეების პერიოდში, ასევე იმ თავგანწირვისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ“, – დასძინა ბაირუმ, რომელმაც ასევე გაიხსენა, რომ პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ის და ბარნიე გვერდიგვერდ იყვნენ.
თავის მხრივ, გადაყენებულმა პრემიერ-მინისტრმა იმ პერიოდის სიძნელეებზე ისაუბრა, როდესაც ის მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგა სათავეში: „პრემიერობის პირველი დღიდან, 5 სექტემბრიდან, ვიცოდი, რომ ჩემი მთავრობის დღეები დათვლილი იყო, რადგან ალიანსი ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის გაფორმდა, რომლებიც მხოლოდ ხელისუფლების გადაწყვეტილებების დაბლოკვისა და ვითარების არევის სურვილით გაერთიანდნენ“.
„ჩვენ სახელმწიფო სწორ გზაზე დავაბრუნეთ, – აღნიშნა მან, – დავიწყეთ მთელი რიგი პროექტები და ფერმერების მიმართ ჩვენი ვალდებულებების შესრულება, ასევე რეფორმები ქვეყნის უსაფრთხოების, საავადმყოფოებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში“.
გაწეული სამუშაოს შეჯამებისას, ბარნიემ თავისი წასვლის მიზეზიც გაიხსენა.
„დეფიციტის შესამცირებლად, ჩვენ წარმოვადგინეთ საკმაოდ რთული, მაგრამ დაბალანსებული ბიუჯეტი და პარლამენტარების უმრავლესობასთან, განსაკუთრებით სენატში, ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან. მაგრამ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებით, ეს შეთანხმება უკვალოდ გაქრა. ეს იყო მესიჯი მათთვის, ვინც მთავრობის გადასაყენებლად გაერთიანდა“.
მაკრონის მიერ ფრანსუა ბაირუზე ფსონის დადებამ ისეთი პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია, როგორიც, ძირითადად, მოსალოდნელი იყო. მემარცხენეებში პოზიციები გაიყო.
ულტრამემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთს“ (La France Insoumisse) სურს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ბაირუს მთავრობის კრიტიკა. მისი პარტნიორები, – სოციალისტური პარტია და კომუნისტური პარტია, – არ გამორიცხავენ კრიტიკისგან თავის შეკავების შესაძლებლობას, თუ ფრანსუა ბაირუ დათანხმდება, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, საკამათო კანონების მისაღებად კონსტიტუციის 49.3 მუხლს არ გამოიყენებს.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულ გაერთიანებას“ (RN) სურს, მატინიონის ახალ მკვიდრს შანსი მისცეს. მითუმეტეს, რომ ბაირუს შეხედულებები ახლოსაა მიგრაციის საკითხებში RN-ს პოზიციასთან.
„გოლისტური პარტია „გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად (EPR) თავის პოზიციას მოგვიანებით, საპარლამენტო ჯგუფთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვედრის შემდეგ განსაზღვრავს“, – განაცხადა პარტიის სპიკერმა ლუდოვიკ მენდესმა, რომლის აზრით, ბაირუ შეიძლება აღმოჩნდეს „ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ აკეთოს საქმე“.
რესპუბლიკელებმა კი აღიარეს, რომ შეიძლება ბაირუს მთავრობაში შევიდნენ, რაც დამოკიდებული იქნება „პროექტზე“, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგენს. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ დავბლოკავთ მას. მთავარია, როგორი იქნება საგზაო რუკა“, – აღნიშნა პარტიის ლიდერმა, ლორან ვოკესმა.
ცენტრისტული მიმართულების „დემოკრატიული მოძრაობის“ 73 წლის ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მას „მთავრობის შექმნა დაევალა“.
ეს გადაწყვეტილება პარასკევს პარიზში, ელისეის სასახლეში თითქმის ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
ბაირუ მიიჩნევა კარგ მომლაპარაკებლად, რომელსაც საპირისპირო პოზიციების დაახლოება შეუძლია.
საფრანგეთის პოლიტიკურ წრეებში, ათწლეულების განმავლობაში, ის ცნობილია, როგორც მაკრონის მხარდამჭერი, რომლის იუსტიციის მინისტრადაც გარკვეულ პერიოდში მუშაობდა. რამდენიმეთვიანი საქმიანობის შემდეგ, მან ეს თანამდებობა ეროვნულ ასამბლეაში ფიქტიურ თანაშემწეებთან დაკავშირებული სკანდალის გამო დატოვა. მართალია, ამ საქმეზე ბაირუ წელს გაამართლეს, მაგრამ პროკურატურამ საჩივარი შეიტანა და საქმე ჯერ არ დახურულა.
თავისი ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, ის ასე იყო პარლამენტის წევრი და განათლების მინისტრი ორ მთავრობაში, რომელსაც ჟაკ შირაკი ხელმძღვანელობდა, პრემიერ დანიშვნამდე კი ქალაქ პოს მერის პოსტი ეკავა.
წყარო: 1 არხი