20 წელზე მეტია, დღემდე, საქართველოს პატრიოტი, ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი არ ჰყოლია – კობახიძე ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს
20 წელზე მეტია საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია, – ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა.
პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის განმტკიცებაში.
„მინდა, მიხეილ ყაველაშვილს მივულოცო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში.
20 წელიწადზე მეტია საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნისა და საზოგადოების გაერთიანებაზე და თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ, რომ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისათვის სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა პრეზიდენტის გამოყენებით საქართველოს კონსტიტუცია, რასაც აგრე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი, მიხეილ ყაველაშვილის, კანდიდატურა, რომელიც გახდა ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით (ამერიკული მოდელი), საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება, შესაბამისად, ამჟამინდელ პრეზიდენტს, (დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე და ქალ პრეზიდენტს) სალომე ზურაბიშვილს, უფლებამოსილება შეუწყდება. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ – მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც. მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის – აშშ-ის – საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.
დღეს, 14 დეკემბერს, საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. კენჭისყრა 9 საათიდან დაიწყო და 14 საათზე დასრულდა.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური გახდა.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანი იყო. კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდა: – პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი – სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისი იყო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის – სულ მცირე 200 წევრის ხმა გახლდათ საკმარისი.