ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეადგინა საბოლოო შემაჯამებელი ოქმი და მისი გასაჩივრების უფლება მხოლოდ შესაბამის უფლებამოსილ, დაინტერესებულ პირებს გააჩნია კანონმდებლობის თანახმად, ანუ მისივე შეფასებით, ეს, ფაქტობრივად, საბოლოო მონაცემებია.
რაც შეეხება არჩევნების პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას, კალანდარიშვილი ამბობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენს. კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის არჩევის პროცედურის დასაკვირვებლად რომელიმე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაცია, კალანდარიშვილმა უპასუხა, რომ ეს პარლამენტთან თანხმდებოდა.
„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგულირების სფეროს არ წარმოადგენდა, ეს საკითხები თანხმდებოდა საქართველოს პარლამენტთან იქიდან მომდინარე, რომ ამ შემთხვევაში დამკვირვებელი ორგანიზაციების აკრედიტაციის პროცესი თავად არ არის გათვალისწინებული. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორი დიდი წარმომადგენლობაა მედიაორგანიზაციების საშუალებების ამ პროცესზე, რომლებმაც სათანადო მომართვის საფუძველზე მოიპოვეს უფლება, დაჰკვირვებოდნენ და ეს პროცესი გაეშუქებინათ. ამიტომ, ჩემთვის, დამკვირვებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მხრიდან ასეთ პროცედურას არ ითვალისწინებს. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი მიმართვის საფუძველზე ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა და გადაწყვეტილება მიეღო კონკრეტული ორგანიზაციისთვის დასწრების შესაძლებლობის მიცემაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ეტყვით მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არალეგიტიმურ პროცესში მიიღეს მონაწილეობა, კალანდარიშვილი ასე პასუხობს:
„პროცესი კანონმდებლობის სრული ნორმათა დაცვით განხორციელდა, ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე ნაწილში, რომელიმე აქტივობაში კანონი დაირღვა. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია ასეთი შეფასებები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს და პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ეს საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასების საგანს არ წარმოადგენს და მოკლებული ვარ შესაძლებლობას, რომ ჩართული მხარეების, სხვადასხვა მხარეების შეფასებები სხვადასხვა არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, შევაფასო. ჩვენთვის სახელმძღვანელოა, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვა ჩართული მხარეების დოკუმენტები, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია, ეუთო/ოდირის დასკვნა, ისევე როგორც ამერიკული, თუ ევროპული ინსტიტუტების მიერ დაწერილი დასკვნები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებთან და შემდეგ განვითარებულ პროცესებთან მიმართებაში ცალსახად საუბრობს იმაზე – წინასწარ შეფასებები მაქვს მხედველობაში, სადაც არჩევნების ტექნიკურად გამართულობაზე და კარგად ადმინისტრირებაზე არის საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ წუხილებზე და გარკვეულ რეკომენდაციებზეა საუბარი, ეს არ არის ის ნაწილი, რომელსაც შეეძლო რამე გავლენა მოეხდინა, ან რამე სისტემურ გადაცდომაზე ესაუბრა… ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ასევე სახელმძღვანელო სხვადასხვა ჩართული მხარეებისთვის, როცა გარკვეული ტიპის შეფასებებს აკეთებენ, ან წინააღმდეგ შემთხვევაში, რამე მტკიცებულება, ფაქტი უნდა არსებობდეს და არა ვარაუდები, დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, არჩევნების მანიპულაცია განხორციელდა.
სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, უწყება ვართ, რომლის საქმიანობას, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღის ადმინისტრირებაზე განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენციის ჭრილში დადებითად არის შეფასებული“.
პრეზიდენტის საარჩევნო პროცესი დასრულებულია. შედგა სამი შემაჯამებელი ოქმი, საიდანაც ერთი გადაეცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ერთი გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო ერთი, კანონით გათვალისწინებული წესით, შეინახება საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
დღეს, 14 დეკემბერს, 300 წევრისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა 225 ადამიანი მონაწილეობდა. ბათილად მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჩაითვალა. 224 ხმა მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, ოპოზიცია და მოსახლეობის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრიდან ქუჩაში აქციებს მართავს, ყაველაშვილს პრეზიდენტად არ სცნობს და არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. ხალხის პოზიციას სრულად იზიარებს მოქმედი პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მოქალაქეები პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, საქართველოს პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური პროცესია. მათ ადგილზე დიპლომები და ბურთები მიიტანეს. ისინი წითელ ბარათს უჩვენებდნენ ყაველაშვილს და სკანდირებენ: “მიშა, შენი დრო წავიდა, გადი მოედნიდან!”