პარლამენტთან საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა – ნაძვის ხის ანთება 19:00 საათზე გეგმავს
პარლამენტთან საპოლიციო ძალების უპრეცედენტო მობილიზებაა – გომელაურის რაზმის თანამშრომლები ჩიტაძის მხარეს დგანან, იქ, საიდანაც დღეს დაგეგმილ ღონისძეიბაზე სტუმრები უნდა შევიდნენ.
თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადება – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკრანები აქვთ დადგმული და ხმის გამაძლიერებლები, განათებები დამონტაჟებული.
ნაძვის ხის ანთებას კახა კალაძე 19:00 საათზე გეგმავს.
რამდენიმე წუთის წინ, ნაძვის ხე, რომელიც კახა კალაძეს უნდა აენთო, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით აინთო, რასაც ადგილზე შეკრებილების უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. წამების შემდეგ ნაძვის ხე ისევ ჩააქრეს. უთანხმოება იყო აქციის მონაწილეებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის. მერიას ადგილზე გენერატორების შეტანა სურდა, მომიტინგეები კი ცდილობდნენ მანქანა ნაძვის ხემდე არ მიეშავთ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს “ქართული ოცნება” ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასწრებას აიძულებს. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს ზემდგომები პირადად ურეკავენ და 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ.
ქვეყანაში არსებული უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კახა კალაძე ნაძვის ხის ანთებას დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე გეგმავს.
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას პარლამენტის წინ, სალომე ზურაბიშვილიც „უდიდეს პროვოკაციას“ უწოდებს და შიშობს, რომ ამ ღონისძიებამ შესაძლოა „კონფრონტაცია გამოიწვიოს“. მან 13 დეკემბერს თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ორბელიანის მოედანზე „მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც პარლამენტთან აპირებდა“. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეთავაზებას მალევე გამოეხმაურა კახა კალაძე და თქვა, რომ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ მისულ ხალხს “ბევრ სადღესასწაულო ღონისძიებასა” და “სრულად უსაფრთხო გარემოს” ჰპირდება.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გასულ კვირას განმარტა, რომ “კატეგორიულად მიუღებელია დედაქალაქში ნაძვის ხის ანთებასთან დაკავშირებით გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები, რადგან ნაძვის ხე ქალაქებში თვით ომის დროსაც კი ინთება და ამის მაგალითს უკრაინა წარმოადგენს. ”
“ვისურვოთ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამარჯვების საწინდარი გახდეს საქართველოსთვის. ჩვენი საახალწლო გზავნილიც სწორედ ეს იქნება- „გამარჯვებებით სავსე ქალაქი“! ამ სლოგანის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ამდენი გამარჯვების მოწმენი გავხდით“,- განაცხადა კახა კალაძემ.