არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა. იმავე გზას ადგებიან, რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, – საჯარო მართვის სპეციალისტი

არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა. იმავე გზას ადგებიან, რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, – საჯარო მართვის სპეციალისტი
“არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა და რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, იმავე გზას ადგებიან,” – ასე აფასებს კლუბ “რა სად როდის” მოაზროვნე, საჯარო მართვის ლექტორი, თინათინ კუპრაშვილი, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებს “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში.
როგორც კუპრაშვილი სოციალურ ქსელში განმარტავს, “ოცნება” იძულებულია 2012 წლამდე საჯარო სამსახურის მოდელი დააბრუნოს, რადგან პოლიტიკური მიზნებისთვის მათ მიერ საგანგებოდ გაზრდილი ადმინისტრაციული რესურსისგან ახლა წინააღმდეგობას წააწყდნენ, რაც, ბუნებრივია, მმართველი ძალისთვის დისკომფორტულია.
“როცა არჩევნებამდე სასათბურე პირობის შექმნა სჭირდებოდათ, რომ რაც შეიძლება დიდი ადმინისტრაციული რესურსი ჰყოლოდათ, გასაგები მიზეზების გამო, კანონში ქვეყნისთვის და საჯარო ორგანიზციებისათვის არასახარბიელო დასაქმების სქემა ჩადეს… ახლა, იმავე ადმინიატრაციული რესურსისაგან წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, 2012 წლამდე საჯარო სამსახურის მოდელს აბრუნებენ…
არ გაუმართლათ დახურულმა საჯარო სამსახურებმა და რასაც ერთხმად კიცხავდნენ 2012 წლამდე, იმავე გზას ადგებიან… მოკლედ, საკუთარი თავის სრული ლუსტრაცია აქვთ…” – წერს თინათინ კუპრაშვილი.
“საჯარო სამსახური შესახებ კანონში” ცვლილებები არ მოსწონს არც იურისტ თამარ სურმავას, რომელიც პროფკავშირების დირექტორის მოადგილეა.
ცნობისთვის, “ოცნებამ” მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და 79 ხმით მიიღო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებები.
საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ განცხადება გაავრცელეს და დაწერეს, რომ ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს.
საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური და ერთიანი საჯარო სამსახურის შექმნა.
კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
ჩვენ, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს, რომლებიც ვემსახურებით დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის შექმნას, მიგვაჩნია, რომ განხორციელებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის კანონით განსაზღვრულ ღირებულებებსა და პრინციპებს. კანონში შესული ცვლილებები ხელს შეუშლის მიმზიდველი, პროფესიული და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას,” – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
· ლიკა კვინჩია;
· მარიამ ბოჟაძე;
· გვანცა ბესელია;
· მაკა თოქმაზიშვილი;
· Ნინო ცუხიშვილი;
· ნინო თოფჩიშვილი;
· სალომე ღაჭავა;
· ეკატერინე გოგიტიძე;
· ანა გელეიშვილი;
· მაია დვალიშვილი;
· ქეთი ქურციკიძე;
· კესო მელიქიძე;
· ლიკა ქათამაძე;
· თინათინ სადუნაშვილი;
· მანანა მაჩიტიძე.
შეგახსენებთ, რომ “ოცნების” ინიციატივით, საჯარო სამსახურებში მარტივდება რეორგანიზაცია, ანუ ე.წ ხელისუფლებას ყოველგვარი დაბრკოლებისა და ახსნა-განმარტების გარეშე ეძლევა უფლებამოსილება გაათავისუფლოს სამსახურიდან საჯარო მოხელეები.
შეგახსენებთ, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება.
პარლამენტმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა.
“საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტში შესული ცვლილების მიხედვით, საჯარო სამსახურებში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები პროფესიულ საჯარო მოხელეებად აღარ ჩაითვლებიან – მათი დანიშვნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან სსიპ-ში, ანალოგიურ საფეხურზე დასაქმებული პირები.
კანონპროექტის წარმდგენმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, რომ გამოცხადდება კონკურსი და კონკურსი იქნება განმსაზღვრელი, ვინ დარჩება თანამშრომლად. ის პირები, ვინც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ, რეზერვში ჩაირიცხებიან.
საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს საჯარო სამსახურში აღდგენის მოთხოვნის უფლება აღარ ექნებათ.
რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება პროცესს არ შეაჩერებს.