პარლამენტთან, სადაც მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტის არჩევის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ფეხით, რუსთაველის გამზირის გავლით მივიდა. პარლამენტის მიმდებარედ მის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.
ამ წუთებში კანონმდებლები პრეზიდენტად ქართული ოცნების კანდიდატს – მიხეილ ყაველაშვილს ირჩევენ. პარალელურად, მიმდინარეობს აქცია – “აჩვენე დიპლომი ყაველაშვილს”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.
ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.
მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი – მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.