პატიმრობა შეუფარდეს ფოტოგრაფს, რომელსაც ეგონა, რომ “ტიტუშკები” მისდევდნენ და პოლიციას დახმარება სთხოვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა
ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესიული პირები გადმოვიდნენ და მისკენ წავიდნენ. გასული დღეების გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ე.წ. ტიტუშკები არაერთ მოქალაქეს დაესხნენ თავს, ღვინიაშვილს ეს პირებიც ზონდერები ეგონა და გაიქცა.
პარალელურად, დაურეკა მეგობარს, ვისი სახლიდანაც გამოვიდა – ნიკა ტაბატაძეს, რომელიც დღეს მოწმის სახით გამოიკითხა. მისი ინფორმაციით, ღვინიაშვილმა კვარტალს წრე დაარტყა და ისევ მისი სახლის სადარბაზოსთან მივიდა. იქვე პოლიციის მანქანა დაინახა და მათ დახმარება სთხოვა. სანამ ღვინიაშვილი პოლიციელებს უხსნიდა, როგორ გამოედევნნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები, ისინი დაეწივნენ და იძულებით ჩასვეს თავიანთ მანქანაში. ნიკა ტაბატაძემ საკუთარი სახლის ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩამოართვეს ხელი ამ პირებმა პოლიციის თანამშრომლებს, რომელსაც ლუკამ დახმარება სთხოვა.
აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც ღამის 3 საათზე სადარბაზოსთან დახვდნენ და გამოედევნნენ ლუკა ღვინიაშვილს, -ს თანამშრომლები იყვნენ.
“შემთხვევის დროს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ ჰქონდათ, რომ ისინი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები – არც მანქანა, არც უნიფორმა, არაფერი. არ უთხრეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და გაეკიდნენ ლუკას. მაშინ, როდესაც წინა დღეებში ვნახეთ მედიასაშუალებებში, რომ სამოქალაქო პირები დევნიდნენ და სცემდნენ ადამიანებს, ლუკას შეეშინდა და გაიქცა, მივიდა საპატრულო პოლიციის მანქანასთან და პოლიციელებს სთხოვდა, მიშველეთო”, – ამბობს ადვოკატი ეკა კობესაშვილი.
ეს პოლიციელები შსს-ს სხდომაზე მოწმედ არ დაუბარებია. მოწმის სახით მხოლოდ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები დაკითხეს. ადვოკატ ეკა კობესაშვილის ინფორმაციით, მათ დაადასტურეს, რომ ღვინიაშვილი პოლიციასთან დახმარების სათხოვნებად მივიდა.
ადვოკატი ლუკა ღვინიაშვილისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას დაუსაბუთებელს უწოდებს. ის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ღვინიაშვილის საქმიანობას უკავშირებს.
“მისი დაკავების მიზეზი იყო მისი ჟურნალისტური საქმიანობა. ლუკა არის ფოტოგრაფი, ის თანამშრომლობს სხვადასხვა მედიასაშუალებებთან. ამ ეტაპზე მას კონტრაქტი აქვს გაფორმებული ერთ-ერთ უცხოურ მედიასაშუალებასთან და აწვდის მას აქციაზე გადაღებულ ფოტო-ვიდეომასალას. ამიტომ მოხდა მისი თვალთვალი და ადევნება. როგორც ირკვევა, მას რამდენიმე დღის განმავლობაში დასდევდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია იმით, რომ მკაცრი და უკანონო პოლიტიკა გაატაროს მათ მიმართ, თუ ვინმე გააშუქებს აქციას, გამოავლენს რაიმე სახის სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან, ზოგადად, თუ ვინმე დისკომფორტს შეუქმნით”, – ამბობს კობესაშვილი.