“როგორ გადაიქცა საპოლიციო ღონისძიება სამხედრო დანაშაულად.
—————————————————-
ჩემმა გუშინდელმა პოსტმა საერთაშორისო პოლიტ-ეკონომიკური ვითარების მიმოხილვის შესახებ, ერთი კოლეგა იმდენად გააღიზიანა, რომ ვეღარ მოითმინა და სამედიცინო თემებზე საუბარი მირჩია. ილიას არ იყოს, „მიგიხვდი ჩემო მოხევევ“…
კი ბატონო, არ დაგწყვეტთ გულს.
——————
ჯერჯერობით ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ უკვე 2 კვირის განმავლობაში პირდაპირ ეთერში და უშუალოდ ვაკვირდებით მასობრივ სამედიცინო დანაშაულს საკუთარი ერის წინააღმდეგ. საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო მასშტაბით, ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციებისა და რეგულაციების საწინააღმდეგოდ, ქიმიური ომი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას.
უკვე საკმარისი მტკიცებულება დაგროვდა იმისათვის, რომ ეს პროცესი ოფიციალურად აღიარებული იქნეს არა როგორც საპოლიციო ღონისძიება, არამედ როგორც სამხედრო დანაშაული. ამ მტკიცებულებების მიხედვით, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის ცრემლსადენი გაზის ქიმიურ იარაღად ქცევის პროცესს, ე.წ. „weaponization“-ს. ანალოგიურ მოვლენებს იკვლევს საერთაშორისო ორგანიზაცია „Physicians for Human Rights“, (აბრევიატურა – „PHR“), რომელიც აუცილებლად გამოიკვლევს თბილისში მიმდინარე მასობრივ დანაშაულსაც. აუცილებლად შეიქმნება ამ მოვლენების შემსწავლელი საერთაშორისო სამედიცინო-კრიმინალური კომისია, რომელიც მოგვაწოდებს დამნაშავეთა სახელებს, რომელთა ვინაობაც ზუსტად ისევე იქნება დამახსოვრებული, როგორც 9 აპრილის სამხედრო დამნაშავის, გენერალ როდიონოვის.
ამ მასობრივი დანაშაულის სამი მთავარი იურიდიული ასპექტი უკვე გამოკვეთილია.
საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია შემდეგი ბაზისური საერთაშორისო საპოლიციო სტანდარტები:
1. პოტენციურად ლეტალური ძალის გამოყენებამდე ესკალაცია განხორციელდა ძალის ყოველგვარი ლოგიკური გრადაციის გარეშე;
2. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა შეუსაბამო, არაპროპორციული ძალა;
3. უგულებელყოფილი იქნა კანონით გათვალისწინებული მცდელობები მომიტინგეთა ფიზიკური დაზიანების მინიმუმამდე დასაყვანად.
იურიდიულ ასპექტებს იურისტები მიხედავენ, მე დავუბრუნდები სამედიცინო მხარეს. ქიმიურ იარაღად გარდაქმნილი საპოლიციო საშუალებები წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღს, შესაბამისი შედეგებით. ოფიციალური საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საპოლიციო ქიმიური იარაღები არ არის საკმარისად შესწავლილი, რადგან მათი ზემოქმედების შესაძლო შედეგები მხოლოდ ჯანმრთელ სამხედრო მოსამსახურეებზე და ცხოველებზეა გამოცდილი.
არავინ იცის ამ ტოქსიკური რეაგენტების ზემოქმედების ზუსტი დიაპაზონის გავლენა ბავშვებზე, ქალებზე, მოხუცებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე. სწორედ ამიტომ არის ეს საპოლიციო იარაღები საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რათა მათი გამოყენება მოხდეს მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით. საქართველოს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაარღვია ყველა ეს სტანდარტი და გადაიქცა მასობრივი დანაშაულის ჩამდენ სუბიექტად. მხოლოდ დროის ამბავია, რომ ეს დანაშაული შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კლასიფიკაციის მიხედვით გაფორმდეს. ყოველი დამნაშავე იდენტიფიცირებული იქნება და შესაბამისად დასჯილიც საერთაშორისო კანონმდებლობების მიხედვით.
გარდა ქიმიური იარაღის გამოყენებისა, ადგილი ჰქონდა ლეტალური ფიზიკური ძალის გამოყენებას ყოველგვარი იურიდიული და მორალური სტანდარტების მიღმა. ასევე, დაზიანებულ ადამიანებს უარი ეთქვა შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე და კლინიკების ნაცვლად საპატიმროებში იქნენ მოთავსებულნი.
რაოდენ სამარცხვინოა, რომ მიმდინარე მოვლენებზე პრაქტიკულად არანაირი ოფიციალური რეაგირება არ გაუკეთებია საქართველოს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, პროფესიონალ ტოქსიკოლოგებს. ცალკეულ პატიოსან ინდივიდთა და პროფესიულ ორგანიზაციათა სოციალური განცხადებები ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ სამედიცინო-იურიდიულ ვაკუუმს.
მაშინ როდესაც, საბჭოთა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსაც კი ადეკვატური გამოხმაურება ჰქონდა 9 აპრილის მასობრივი დანაშაულის სამედიცინო ასპექტებზე, დამოუკიდებელი საქართველოს შესაბამისმა უწყებამ ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული სრულიად უგულებელჰყო. იურიდიულ დანაშაულთან ერთად ეს სერიოზული მორალურ-ეთიკური დანაშაულია და ამ სამარცხვინო საქციელს აუცილებლად მიეცემა შესაბამისი შეფასება საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების მიერ,” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.