აშშ-ის “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოში მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 54% დადებითად აფასებს, 38% კი – უარყოფითად. მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 43 – 43% იყო. საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2023 წლის 12 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა.
ჯამში გამოკითხულთა უმრავლესობის მიერ პრემიერის საქმიანობა მიჩნეულია საშუალოდ ან კარგად, 29%-ისთვის – კარგად, 37%-ისთვის – საშუალოდ. ხოლო 26% პრემიერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
პრეზიდენტის საქმიანობა მოსწონს 16%-ს , 41% საშუალოდ აფასებს, 30 % კი – ცუდად.
პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს 13%, საშუალოდ – 44%, 34%-ს კი არ მოსწონს.
უმრავლესობის, 53%-ის აზრით, პარლამენტი არ ითვალისწინებს მათნაირი ადამიანების შეხედულებებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირისპირ გამოკითხვის გზით ჩაატარა “CRRC საქართველომ”. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
· საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023 წელი;
· 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);
· საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%.
შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
· სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
· კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა;
· შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
· რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით;
· არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება;
· ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.