“საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს…” – “ოცნების” და ოპოზიციის მომხრეების პასუხები NDI-ის კვლევაში

საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც -ის „ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) გამოაქვეყნეს, მოიცავს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებასაც.
კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი (46%) ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების 37% იზიარებს.
ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან. შეკითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს… პასუხები ასე გადანაწილდა:
· „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 30% პასუხობს – პროდასავლური;
· ოპოზიციის მხარდამჭერთა 46% – პროდასავლური;
· 36% იმ მოქალაქეების, რომლებმაც არ დაასახელეს პარტია – პროდასავლური.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 10% აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა NATO-სთან. ამავე თეზისს იზიარებს ოპოზიციის მხარდამჭერთა 3%.
მმართველი პარტიის მხარდამჭერთა 1% და ოპოზიციის მომხრეთა 3% მიიჩნევენ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს.
კვლევის თანახმად, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს.
NDI-ს მონაცემებით, ექსკლუზიურად პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი თბილისის მცხოვრებლებსა და ახალგაზრდებშია, ხოლო ყველაზე დაბალი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
———————
ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა.
· პირისპირი გამოკითხვა (ოქტომბერი-ნოემბერი 2023);
· საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023;
· 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);
· საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%.
შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით;
· სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
· კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა;
· შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
· რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით;
· არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება;
· ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.