დუტა სხირტლაძე „იმედის“ თანამშრომელი აღარ არის

ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი დუტა სხირტლაძე ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი აღარ არის. მედიაში გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ტელეარხმა დღეს, 12 დეკემბერს, დაადასტურა.
„არხის დირექციის გადაწყვეტილებით, 10 დეკემბრიდან დუტა სხირტლაძე „ტელეიმედში” აღარ მუშაობს“, – წერია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგვიანებით, ტელეარხმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად განმარტა, რომ „მას ტელეკომპანია „იმედისთვის“ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს“.
გუშინ, 11 დეკემბერს დუტა სხირტლაძემ „ფეისბუკში“ დაწერა პოსტი, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადა აქციაზე მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ეს პოსტი ასევე ეძღვნებოდა პოლიციის მიერ დაკავებულ არასრულწლოვანსაც:
„ბავშვები, შვილები, ახალი თაობა – ესაა ჩვენი საზრუნავი და ჩვენი მომავალი… ამათ ვერავინ მოერევა. ვერც ვერავინ მორევია. ვერასდროს“.
დუტა სხირტლაძემ სატელევიზიო კარიერა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე” დაიწყო გადაცემით: „ვის უნდა 20 000“. წლების განმავლობაში ამ არხზე მას მიჰყავდა არაერთი სხვა გადაცემა, მათ შორის „ჯეოსტარი“. დუტა სხირტლაძემ 2012 წლიდან მუშაობა „ტელეიმედზე“ გააგრძელა. არხზე მას რამდენიმე გადაცემა მიჰყავდა, მათ შორის ბოლოს – „პატარების დიდი შოუ“.
რადიო თავისუფლება ცდილობს ტელეწამყვან დუტა სხირტლაძესთან და არხის დირექტორ მაკა ლომიძესთან დაკავშირებას. კომენტარის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
დუტა სხირტლაძესა და „იმედს“ შორის თანამშრომლობის შეწყვეტა დროში ემთხვევა საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალ აქციებს. დღეს ამ აქციების მე-15 დღეა. დემონსტრანტები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?