ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატმა TV იმედის მფლობელი კომპანიის გამოძიების საკითხი წარადგინა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დეპუტატმა ბლერ მაკდუგალმა  TV იმედის მფლობელი კომპანიის, Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ ბრიტანეთში გამოძიების დაწყების განხილვის საკითხი წარადგინა.

მაკდუგალმა თემთა პალატის ლიდერს, ლუსი პოუელს მიმართა კითხვით, თანახმა არის თუ არა,  რომ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) მხრიდან Hunnewell Partners-ის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საკითხის განსახილველად დრო გამოიყოს.

“საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი დარბევისადმი ფართოდ გავრცელებული სიძულვილის გათვალისწინებით, მაინტერესებს, შეგიძლიათ თუ არა ამ თემისთვის დებატის დროის გამოყოფა? […] შესაძლოა, იმ გარემოების განხილვა შევძლოთ, რომ TV იმედი, ამ სასტიკი მთავრობის პროპაგანდის მთავარი საშუალება, გაერთიანებული სამეფოდან იმართება კომპანია Hunnewell Partners-ის მიერ.

მაინტერესებს, თანახმა ხართ თუ არა, რომ რუსული პროპაგანდის მართვისა და ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების გამო ამ ქვეყანაში ამ ოპერაციების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს გამოძიება დაიწყოს?” – თქვა მაკდუგალმა

მაკდუგალის საპასუხოდ პოუელმა საკითხის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლების ქმედებების დაგმობას განაგრძობს და მიუთითა, რომ მანამდე თემთა პალატის რიგითი წევრების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ ბლექმენი ამ თემასთან დაკავშირებულ დებატებზე საუბრობდა.

“მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის დაყენებისთვის. მთავრობა განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდებას, რომ დემოკრატიული ნორმებისგან გადახვევა და დასავლელი პარტნიორებისგან იზოლაცია შეაჩეროს. განვაგრძობთ აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების დაგმობას.

თქვენ აყენებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ამ სფეროში მოქმედი კომპანიების შეჩერების შესახებ და ვფიქრობ, გავიგე, რომ ბექბენჩ ბიზნესის თავმჯდომარე დებატებზე საუბრობდა, რომელიც ძალიან კარგი ადგილი იქნებოდა ამ საკითხის წამოსაჭრელად”. – თქვა პოუელმა.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის რიგითი წევრების საკითხების თავმჯდომარემ, ბობ ბლექმენმა გამოაცხადა, რომ პალატაში განხილულ თემებთან ერთად, 7 იანვარს “უესტმინსტერის დარბაზი სამუშაო ადგილზე ანაზღაურების სხვაობის საკითხზე დებატებს გამართავს “, ხოლო 9 იანვარს, “ორი დებატი გაიმართება, ერთი უკრაინის დასაფინანსებლად გაყინული რუსული ქონების გამოყენების თაობაზე, მეორე კი ჭარბწონიანობაზე საკვებისა და დიეტის გავლენის შესახებ”.