NDI-ის კვლევა: რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდი საფრთხეა

NDI-ის, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, მცირდება მათი რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ექსკლუზიურად პროდასავლური უნდა იყოს. საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევა დღეს, 11 დეკემბერს, გამოქვეყნდა.
“ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმეტესობა ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკა პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. ამ მოსაზრებას ოპოზიციის მხარდამჭერების თითქმის 40 პროცენტი იზიარებს. ექსკლუზიურად პროდასავლურ კურსს ყველაზე მეტად ოპოზიციის მხარდამჭერები ემხრობიან”, – წერია კვლევაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
საფრთხეებზე შედეგები ასე გადანაწილდა:
· რუსული სამხედრო აგრესია – 27%;
· სა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია – 18%;
· რუსული პროპაგანდა – 11%;
· ტერორიზმი – 5%;
· არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა – 4%;
· ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე – 3%.
“ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება… უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი და საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ”, – აღნიშნულია NDI-ის კვლევაში.
იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობაში მაღალია ევროკავშირისა და აშშ-ს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება, “ქართული ოცნების” ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა”.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა NDI-ის დაკვეთით, 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში პირისპირ გამოკითხვის გზით ჩაატარა “CRRC საქართველომ”. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
სულ გამოიკითხა 2068 ადამიანი, საშუალო ცდომილებაა 2,2 პროცენტი.