თამთა შედანიას სამოდელო კარიერა 14 წლიდან დაიწყო და განვითარდა.
წარმატებულმა მოდელმა დიდი გზა გაიარა, ახლა კი მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას: საკუთარი სამოდელო სააგენტო და აკადემია დააფუძნა. რა იყო ამ საქმის წამოწყების მოტივაცია და ჩვენს ქვეყანაში, სამოდელო სფეროში რა ხარვეზებს ხედავს, ამის შესახებ გამოცდილი მოდელი გულახდილად გვესაუბრა…
– დიდი ხანია, ჩემი სააგენტოს და აკადემიის შექმნაზე ვფიქრობდი. გეგმის მიხედვით, ყველაფერს ეტაპობრივად ვახორციელებდი. მინდოდა, ჩემი ცოდნისთვის, წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისთვის თავი მომეყარა და ერთი მიმართულებით გამეშვა – დამწყები მოდელებისთვის შანსი მიმეცა, საქართველოდან საზღვარგარეთ, იმ ცნობილ სააგენტოებში წასულიყვნენ, სადაც თავად ვმუშაობდი და მსოფლიოს მასშტაბით, წარმატებული მოდელი ვიყავი. სააგენტოსთან ერთად, აკადემიაც იმიტომ შევქმენი, რომ მინდა გოგონებს საშუალება მივცე, შეცვალონ ფოტოპოზირება, სიარულის მანერა, თუნდაც სამოდელო სფეროს მიმართულებით ინტერესი არ ჰქონდეთ. საკუთარ თავში ცვლილებების განხორციელება ბევრს სურს, მაგრამ ის ფაქტი აბრკოლებთ, რომ სამოდელო პარამეტრები არ აქვთ – სააგენტოში ვერ მივლენ.
ჩემი აკადემიით შანსს ყველას ვაძლევ, რომ ცოდნა გავუზიარო და საშუალება მივცე, დაამუშაონ საკუთარი “მინუსები”, ისწავლონ, განვითარდნენ… მსურდა, სიღრმისეული, საგანმანათლებლო აკადემია შემექმნა, რომელიც მოსწავლეებს პიროვნული ზრდის მიმართულებით ტრანსფორმირების საშუალებას მისცემდა. ამიტომ 4 ტიპის ლექცია გავაერთიანე, რომელიც ერთმანეთთან ძალიან პროპორციულად “ჯდება” და ზუსტად იმ “პროდუქტს” ვიღებთ, რაც ადამიანის ტრანსფორმირებას სჭირდება: პიროვნული ზრდა, ფოტოპოზირების ტექნიკა, სიარულის მანერა-დეფილე და იოგა მაგალითად, ფოტოპოზირების ტექნიკის ლექციაზე ნახევარი საათი თეორიული მასალის სწავლება მიმდინარეობს, ნახევარი – პრაქტიკული, ანუ ადამიანს შეუძლია, ლექციაზე მიღებული ინფორმაცია ადგილზევე დაამუშაოს, პროფესიონალ ფოტოგრაფთან მუშაობითა თუ ჩვენებებში მონაწილეობით.
სწავლების პროცესში, ვინც პროგრესს განიცდის და ვნახავ, რომ გარეგნობაც ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ჩემივე სააგენტოში მოდელად ავიყვან. რაკი საერთაშორისო ბაზარზე თუ საქართველოში არსებულ სააგენტოებთან მუშაობის გამოცდილება მაქვს, საუკეთესო “ფორმულა გამოვიყვანე”, რომელიც მოდელის დასაქმებაზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს… ძირითადად, ეს სისტემა ასე მუშაობს: ქუჩიდან მოსული გოგონა სააგენტოში მიდის, მას კონტრაქტს უფორმებენ. გოგონა აზრზე არ არის, საერთოდ, ამ სფეროში ყოფნა უნდა თუ არა – გაურკვევლობაშია, ამ დროს კი უკვე კონტრაქტის დაქვემდებარებაშია, რაც ერთგვარად, მარწუხებია მისთვის… ასე რომ, სააგენტოში ისეთი გოგონები მეყოლება, რომლებიც მეცოდინება, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, დამკვეთთან კარგად იმუშავებენ. ჩემს სააგენტოში მოსახვედრად, აკადემიის გავლა აუცილებელია.
– თამთა, საქართველოში თავად პოპულარული “მის საქართველოდან” გახდი. მანამდე სამოდელო სფეროში რა გამოცდილება გქონდა?
– აკადემიის შექმნის გადაწყვეტილებაზე იმ ფაქტმა მოახდინა მნიშვნელოვანი ზეგავლენა, რომ 2007 წელს, “ელიტ მოდელ ლუქის” ფრანგმა წარმომადგენელმა ამირჩია და გამარჯვებული გავხდი, მაშინ სრულიად გამოუცდელი, 14 წლის გოგონა საფრანგეთში გავემგზავრე. ამ სფეროში საბაზისო ინფორმაციაც კი არ მქონია. არ ვიცოდი, რა იყო პოლაროიდის ფოტოები, ფოტოგადაღება, სააგენტო, მოდელობა… მთელი ბავშვობა “ფეშენ ტივის” ვუყურებდი. 90-იან წლებში სხვა საშუალება არ იყო, რომ მოდის სფეროზე მეტი ინფორმაცია მიმეღო. ამიტომ გაურკვევლობაში აღმოვჩნდი. ჩემს მერე, კიდევ დიდხანს, გოგონებს იმ განათლებას არ აძლევდნენ, რაც მათ საზღვარგარეთ, სააგენტოებთან მუშაობისას სჭირდებოდათ. აქედან გამოუცდელები მიდიოდნენ. ასეთ დროს ბევრ სირთულეს აწყდები. როცა ადამიანმა იცი, რა გელოდება, ნაკლებად შფოთავ, ნაკლებად დაძაბული ხარ და ზოგადად, ყველაფერს უფრო მარტივად აღიქვამ, რაც შენს თავს ხდება. თავად ყველაფერი “გზადაგზა” ვისწავლე სააგენტოებთან მუშაობით…
ამ ყველაფერმა “გამზარდა”. ამ სფეროში გარკვეული ცოდნა თავიდანვე რომ მქონოდა, რა თქმა უნდა, მუშაობა გამიიოლდებოდა, პროფესიულად ხელს შემიწყობდა. დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია, ბევრად მაღალ მწვერვალზე ვიქნებოდი. ვფიქრობ, ჩემი მთავარი დამაბრკოლებელი მიზეზი, რამაც “ტოპმწვერვალზე” ვერ ამიყვანა, ეს იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავის დროზე, როცა ვმოდელობდი, საკმარისად ბევრს მივაღწიე, საქართველოსა თუ საზღვარგარეთაც.
დამწყები მოდელისთვის ჯობია, ინფორმირებული იყოს, თბილისში პრაქტიკა გაიაროს, გაეცნოს, რა ხდება ამ სფეროში, შემდეგ კი დასაქმდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში, საზღვარგარეთ უკვე მხოლოდ კვალიფიკაციის ასამაღლებლად წავა… კონკურსებს რაც შეეხება, როცა “მის საქართველოში” ვმონაწილეობდი, უკვე შემდგარი მოდელი გახლდით. ვიცოდი სცენაზე თავდაჭერა, ფოტოპოზირება რა იყო, ანუ შემდგარი პიროვნება ვიყავი. იმ სიტუაციაში, ჩემი კანდიდატურა იდეალურ ვარიანტად განიხილებოდა, ვინც საქართველოს წარადგენდა, მაგრამ სილამაზის კონკურსებზე მონაწილეთა ბედი მხოლოდ სილამაზით არ წყდება – ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორია. ამ თემაზე ბევრ ინტერვიუში ვისაუბრე… ერთადერთი, რაც სილამაზის კონკურსმა მომიტანა, ტიტული და ხალხის სიყვარულია. ხალხს დღემდე ვუყვარვარ. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია. სასიამოვნოა, როცა შენი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალად გაღიარებენ. ეს ისეთი ტიტულია, რომ რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ყოველთვის თან დაგყვება – უვადოა…გაგრძელება