საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ვკითხულობთ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) კვლევაში. საზოგადოებრივი აზრის 11 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ჩატარებულ გამოკითხვას ეფუძნება. როგორც NDI აღნიშნავს, ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა – 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? – პასუხები ასე გადანაწილდა:
· 79% – მისაღებია;
· 11% – მიუღებელია;
· 9% – არ ვიცი.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმაზე, რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართული ოცნების” მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
ახალი კვლევა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის მიღებამდე ჩატარდა.
გამოკვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში”:
· პირისპირი გამოკითხვა (ოქტომბერი-ნოემბერი 2023);
· საველე სამუშაოების პერიოდი: 12 ოქტომბერი – 4 ნოემბერი, 2023;
· 2,068 დასრულებული ინტერვიუ (28% გამოპასუხება);
· საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%.
შენიშვნა: ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.
შერჩევა
· წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში;
· დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტი. ესენია ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი;
· მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელთაც აქვთ ურბანული სტატუსი;
· ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და კახეთში.
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებენ სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს:
· სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად;
· კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა;
· შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;
· რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით;
· არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება;
· ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.