ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია – პრეზიდენტმა ივანიშვილთან საუბრისას საზოგადოებისა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო, მოუწოდა დაკავებულების გათავისუფლებისკენ

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბრის საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა დაგმო. მან ყველა დაკავებულის გათავისუფლებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა“.
ამასთან, განცხადების თანახმად, ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია.
„მან კიდევ ერთხელ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და დაადასტურა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები აუცილებლად იქნება დამოკიდებული იმ მიმართულებებზე, რომლებიც აქამდე იქნა მიღებული ან მიღებული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარში ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო წარმომადგენელთან ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით გამოვიდა.
„მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემის შესაბამისად, რასაც კიდევ ერთხელ მიესალმა“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ