ნინო დოლიძე – არის დაშინების მცდელობა და ზეწოლა საჯარო მოხელეებზე – მოვუწოდებთ მათ, განსხვავებული მოსაზრებების გამო, სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები არ დაწერონ

„სამართლიანი ს” ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის ინფორმაციით, საჯარო უწყებაში დასაქმებულმა დაახლოებით 20-მდე ადამიანმა მათ კონსულტაციით მიმართა და განაცხადა, რომ სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის „მტრული გარემოს შექმნა“.
როგორც დოლიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მსგავსი ფაქტები დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.
მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა, განსხვავებული მოსაზრებების გამო, ზეწოლის შემთხვევაში, არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და სხვადასხვა ორგანიზაციებს მიმართონ.
„ყველას გვახსოვს, რომ მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, საჯარო მოხელეებმა საჯაროდ დააფიქსირეს თავისი პოზიციები ამასთან დაკავშირებით, რომ ისინი მსგავს გადაწყვეტილებას ემიჯნებიან. დღეის მდგომარეობით, საჯარო სექტორში დასაქმებული 2 ათასზე მეტი ადამიანი გაემიჯნა ამ გადაწყვეტილებას. მას შემდეგ ვნახეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების არაერთი განცხადება. მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადება საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რომ ეს იყო თვითწმენდა. ფაქტობრივად, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო დამუქრება ამ მოქალაქეებისადმი. ჩვენ ასევე ვნახეთ კახა კალაძის განცხადება მერიაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადება, თითქოს ისინი აპირებენ რეორგანიზაციის პროცესის გაიოლებას და ამასთან დაკავშირებით ცვლილებებს კანონმდებლობაში. ჩვენი აზრით, ეს არის დაშინების მცდელობა და ზეწოლა იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ერთგული რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის და გამოხატეს პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ამ ეტაპისთვის ჩვენ მოგვმართეს სხვადასხვა საჯარო უწყების თანამშრომლებმა მხოლოდ კონსულტაციით იმიტომ, რომ მათი გათავისუფლების პროცესი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ დაახლოებით, 20-მდე ადამიანმა მოგვმართა. მათი განცხადებით, სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის მტრული გარემოს შექმნა, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს. მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებს განსხვავებული მოსაზრებების გამო, ზეწოლის შემთხვევაში, არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და მოგვმართონ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მათ სამართლებრივად ვეხმარებით“, – განაცხადა დოლიძემ.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ გრძელდება დეზინფორმაციის გავრცელება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლის მიზანი არის პასუხისმგებლობის არიდება და პროტესტის დისკრედიტაცია. „ხდება წარმოჩენა, თითქოს აქციები მასშტაბური არ არის და ცოტა ადამიანი ესწრება. კვლავ აქტუალურია ანტიდასავლური გზავნილები“,-განაცხადა დოლიძემ.