„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა.
კვლევის თანახმად, ევროკავშირის ყველაზე მაღალი მხარდაჭერა დიდი
ქალაქების მოსახლეობასა და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი – ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:
79% – მისაღებია
11% – მიუღებელია
9% – არ ვიცი
NDI-ის ინფორმაციით, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. კერძოდ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
რაც შეეხება ნატო-ს, კვლების თანახმად მცირედი ვარდნის მიუხედავად, ნატო-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია. ნატოს მხარდაჭერა ყველაზე მაღალი ქალაქის მოსახლეობაში, ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორისაა.
ინსტიტუტის ინფორმაციით, ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.
ამასთან, კვლევის მიხედვით – უმრავლესობას სჯერა, რომ საქართველო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან ახლო ურთიერთობით. ეთნიკური უმცირესობები დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავდებიან – უმეტესობამ არ იცის ამ ორ არჩევანს შორის რომელს მიანიჭებდა უპირატესობას; ამ დასახლების მეოთხედი კი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.
გარდა ამისა, NDI-ის კვლევის თანახმად, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, უმრავლესობას რუსეთთან დაახლოებას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ურჩევნია.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს რუსეთთან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებას. სხვებთან შედარებით, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უფრო მეტად უჭერენ მხარს: სოფლებისა და ეთნიკური უმცირესობების მცხოვრებლები, უფროსი ასაკის მოქალაქეები, კაცები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.
კერძოდ, 34% მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ისე უნდა დატოვოს როგორც არის, 25%-ის აზრით, საქართველომ უფრო უნდა გააღრმაოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, 25% ფიქრობს, რომ საქართველომ უფრო უნდა შეზღუდოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ხოლო გამოკითხულთა 14%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.