საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის.
“ქართული ოცნების” ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში საკუთარი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
ბიძინა ივანიშვილისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურნენ ოპოზიციურ სპექტრში.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საფრანგეთი არის ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, შესაბამისად შესაძლოა ამ პროცესებში მან ლიდერის როლიც ითამაშოს.
“მაკრონი და საფრანგეთი არის ზოგადად ევროპის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, მათ შორის სულ უფრო და უფრო ცდილობს, რომ ლიდერის როლი იკისროს ევროკავშირის შიგნით. შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში – დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის მიუღებელი საფრანგეთისთვის და თუ ეს ასე გაგრძელდება საფრანგეთი მიიღებს გარკვეულ ზომებს და შეიძლება ლიდერის როლიც ითამაშოს ამ ზომების მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის შიგნით. მე მგონია, რომ საუბარი იქნებოდა ამაზე და არაფერზე სხვაზე”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მაკრონის სატელეფონო ზარი მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობა დაამყარა.
“სწორედ არაფორმალური მმართველობის მაჩვენებელია ის, როდესაც ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით ნაწარმოებ სატელეფონო ერთ საათიან საუბარს ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი დაამკვიდრა და სწორედ ამის დასაგმობად და ამ საკითხზე სასაუბროდ იყო ეს ზარიც გამიზნული”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.