ნაციონალური მოძრაობა ქუთაისის საკრებულოს 12 წევრიდან 7-მა დატოვა – ამის შესახებ პარტიის წევრებმა ბრიფინგზე ისაუბრეს. ამასთან, ენმ-ის ყოფილი წევრის, გიორგი კილაძის თქმით, ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 თითქმის სრული შემადგენლობით ტოვებს პარტიას.
“ეს გადაწყვეტილება მიიღო ქუთაისში საკრებულოს წევრების უმრავლესობამ, საკრებულოს 12 დეპუტატიდან 7 ტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. ქუთაისში არსებული 10 შტაბიდან 7 შტაბი თითქმის სრული შემადგენლობით ტოვებს პარტიას” – თქვა გიორგი კილაძემ.
ენმ-ის წევრებმა პოლიტიკური ბრძოლა ახალი პლატფორმიდან დაანონსეს. პარტიის ყოფილი წევრის, თედო მესხის თქმით, პლატფორმა, სადაც წავლენ “ასჯერ მეტს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ვიდრე, სამწუხაროდ, დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა”.
“მიხეილ სააკაშვილის ერთგული ადამიანები ვართ, მწამს და მჯერა, რომ ის პლატფორმა და ის პარტია ასჯერ მეტს გააკეთებს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ვიდრე, სამწუხაროდ, დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გატენეს ისეთი ადამიანებით, ვინც ჯერ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა, ლანძღეს პარტია, ლანძღეს მიხეილ სააკაშვილი და დღეს იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი პარლამენტში მოხვდეს, დაიწყებს ქება” – თქვა თედო მესხმა.
10 დეკემბერს ნაციონალურ მოძრაობას თბილისის საკრებულოს წევრებმაც დატოვეს. ენმ-ის ყოფილი წევრის, დავით ლაგვილავას თქმით, ისინი უერთდებიან ახალ პარტიას, რომელიც შეიქმნება ნიკა მელიას ხელმძღვანელობით.
7 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მელიამ “საბოლოო გადაწყვეტილება” გამოაცხადა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა. მისი თქმით, ენმ-მ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა.
იმავე დღეს მელიამ მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ ახალი პარტიის დაფუძნებას აპირებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ ენმ-ის წევრები ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებშიც პარტიას ტოვებენ.
7 დეკემბერს კასპის საკრებულოში ფრაქცია 8-დან 6-მა წევრმა დატოვა. ამ დროისთვის ენმ-ს საკრებულოში 2 მანდატი რჩება. გავრცელდა ინფორმაცია კახეთის საკრებულოს წევრების მიერ ენმ-ს დატოვების შესახებაც.
6 დეკემბერს ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 11 წევრიდან პარტია 10-მა დატოვა.
5 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 14-მა წევრმა პარტია დატოვა. დეპუტატებს ამ გადაწყვეტილებაში აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა. ენმ-ს საკრებულოში სულ 22 წევრი ჰყავდა.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ პარტიაში არადემოკრატიული პრინციპებით მართვა დამკვიდრდა.
4 დეკემბერს კი ნაციონალური მოძრაობა ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის, გიორგი კირთაძემ და მირდატ ქამადაძემ.
2 დეკემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრებმაც მოითხოვეს.
1 დეკემბერს კი თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა პარტიის თავმჯდომარის პოზიციის გაუქმება და დროებითი მმართველი ორგანოს შექმნას მოითხოვეს.
ლევან ხაბეიშვილის გადადგომა და ყრილობის მოწვევა ზუგდიდის, ხობის, ჭიათურის, მცხეთის, ქუთაისის, ფოთის, ამბროლაურის, ცაგერის, კასპის, ახალციხის და თერჯოლის საკრებულოებში ენმ-ის ფრაქციის მოქმედმა და ყოფილმა წევრებმაც მოითხოვეს. ასევე, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა.