პრეზიდენტი – ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში შეძლონ ადამიანების დატერორება

რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს – ნიღბების ტარების აკრძალვის შესახებ კანონში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, ნიღბები ატარონ – ასევე მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტმა იმ ორ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის შემუშავებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავს.
„რეჟიმი ახალ კანონებს ამზადებს. ერთი მხრივ არის კანონი [ინიციატივა] ნიღბების ტარების აკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარისთვის, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ უფლება, თავიანთი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაიცვან. სამაგიეროდ, არაფერია ნათქვამი, რომ თავიანთ „ტიტუშკებს“ აღარ ჰქონდეთ უფლება, რომ ეს ნიღბები ატარონ. ან ვალდებულება, როგორც მსოფლიო სტანდარტებითაა მიღებული, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნები ატარონ. ეს ყველაფერი არაა გათვალისწინებული ინიციატივაში.
ასევე, მზადდება ინიციატივა, რომ საჯარო სექტორში, რეორგანიზაციის გამარტივებით შეძლონ ადამიანების დატერორება, მათი გაშვება სამსახურიდან. ყველამ ვიცით, როგორი რთულია საჯარო სექტორში რეორგანიზაცია და ის, რომ შეგეძლოს ადამიანის გაშვება ლეგალურად. ამ ყველაფერს თავის თავზე ირგებენ და ამარტივებენ, რომ ხვალ და ზეგ მარტივად გაუშვან ადამიანები, ვინც აპროტესტებენ მშვიდობიანად და ზოგჯერ აქციაზეც არ არიან ნამყოფი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში შევა ცვლილება, რომლითაც რეორგანიზაციის საკითხები საჯარო სექტორში გამარტივდება.
ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა, მიიღებენ კანონს, რომლითაც შეკრებაზე შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა აიკრძალება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც შეკრებების წარმართვის დროს ძალადობის პრევენციას შეუწყობს ხელს.