იქნება თუ საბანკო სექტორი შემდეგი? – მთავრობამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზი და სათამაშო ბიზნესზე მოგების გადასახადი გაზარდა

ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო გადასახადების გაზრდის გზით ბიუჯეტში თანხების მობილიზებას ცდილობს. მისი თქმით, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გაზრდა პროდუქტის მოხმარებაზე გავლენას არ იქონიებს და რეალიზაციის მოცულობა არ შემცირდება. რაც თავის მხრივ ბიუჯეტში გარანტირებულ გაზრდილ შემოსავალს უზრუნველჰყოფს.
,,სავარაუდოდ, თავის თავად ნაბიჯი მიგვანიშნებს, რომ სურთ უფრო მეტი შემოსავლის მობილიზება ბიუჯეტში. შესაძლებელია, რომ თუნდაც საერთაშორისო გრანტები ჩაანაცვლონ. შესაძლებელია უნდათ სხვა რამისთვის, სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად გაზარდონ სახსრები. როდესაც იბეგრება არაელასტიური საქონელი, რომელზეც ფასის გაზრდისას გაყიდვები არ იცვლება, იგივე რაოდენობა გაიყიდება. ასეთი პროდუქტების დაბეგვრისაგან გარანტირებულად უფრო მეტი შემოსავალი შევა ბიუჯეტში. ფაქტია, რომ მათ სურთ რომ გაზარდონ საბიუჯეტო შემოსავალი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლასთან ან სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლასთან. რეალურად, ცხადია, რომ დამატებითი შემოსავლები რაღაცისთვის სჭირდებათ.’’- აცხადებს აკაკი ცომაია.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, ხომ არ არის შესაძლებელი, რომ შემდეგი საბანკო სექტორი იყოს, რომელსაც სახელმწიფო დამატებით გადასახადებს დაუწესებს? ეკონომისტი აკაკი ცომაია აცხადებს, რომ საბანკო სექტორისთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების დაკისრება შესაძლებელია, თუმცა ეს სახიფათოა, რადგან კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას გამოიწვევს.
,,ახალი ფინანსური ვალდებულებების საბანკო სექტორისთვის დაწესება შეძლებით შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე სახიფათო თამაში იქნება ბანკების მიმართ, იმიტომ რომ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეიძლება გაეზარდოთ ბიზნესებს. მოუწევთ უფრო მაღალი %-ის გადახდა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესებს. რაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს. აქციზური საქონლის დაბეგვრა (თამბაქოსა და სათამაშო ბიზნესის) ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. ბანკების შემთხვევაში ამას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური შედეგები მოჰყვება ეკონომიკისთვის. საბანკო პროდუქტების გაძვირება ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს. თუ ადამიანებს გაუძვირდებათ კრედიტი და ამ კრედიტზე მომსახურება ისინი ვერ შეძლებენ ბიზნესის წარმოებას. ეს შეიყვანს ეკონომიკას რეცესიაში, რადგან მთელი ჩვენი ეკონომიკური აქტივობა არის ძალიან დამოკიდებული სწორედ საბანკო კაპიტალზე.’’- აცხადებს აკაკი ცომაია.