FAS Group-ის დამფუძნებელი ნათია სხვიტარიძე ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისის წინაშე დააყენა. მისი თქმით, ამ სეგმენტში შეიძლება ბევრი კომპანია ვერ გადარჩეს და საქმიანობა შეწყვიტოს. ნათია სხვიტარიძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესი გაერთიანდნენ და არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით უპასუხონ.
,,ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი გაუბედურებულ დღეშია. სულს ღაფავენ და თუ არ მივეხმარებით რამენაირად, კი გადავივლით ამ პროცესს, მაგრამ ძალიან ბევრი ორგანიზაცია ფიზიკურად ვერ გადარჩება. აუცილებელია, რომ პირველ რიგში სიტუაცია დასტაბილურდეს და დამშვიდდეს და მეორე რიგში მცირე და საშუალო ბიზნესები უნდა დადგნენ ერთად. შეიძლება მსხვილ ბიზნესსაც აქვს პრობლემა და კრიზისი, მაგრამ მსხვილი ბიზნესისა და საშუალო ბიზნესის კრიზისი ერთმანეთს ვერ შეედრება. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია, რადგან არ აქვთ რეზერვები, გადანახული თანხები, რომ ასეთ დროს თანამშრომელი შეინარჩუნონ. თანამშრომლებს რომ გაათავისუფლებ ასეთ დროს, ეს კიდევ კადრების გადინებას გაზრდის.’’- აცხადებს ნათია სხვიტარიძე.
არსებული პრობლემების საპასუხოდ FAS Group კამპანიას იწყებს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებს. კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად კომპანია ორგანიზაციებს ბუღალტრულ, ფინანსურ და საგადასახადო მიმართულებით კონსულტაციების გაწევას სთავაზობს. კონსულტაციებს კომპანიები რამდენიმე მიმართულებით მიიღებენ. მათ შორის: გადასახადების სწორად გადახდა (რაც კომპანიებს თავიდან აირიდებს არასასურველ საურავებს და ჯარიმებს), ხარჯების ოპტიმიზაცია, ფინანსების მართვა კრიზისულ სიტუაციაში და 2025 წლის ბიუჯეტის განსაზღვრა არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
,,ჩვენ რა რესურსიც გვეყოფა ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით, ფინანსურ ანალიზში დავეხმარებით, რათა მიხვდნენ რომელი ხარჯის შემცირება შეუძლიათ და რომელი არ შეუძლიათ. თუ ვინმე შემოგვიერთდება იურიდიული მიმართულებით, რომ დაეხმარონ მათ, ვინც ამ პროცესებს გადის ან ბაზრის მოძიებას ცდილობს, რამენაირად მცირე და საშუალო ორგანიზაციებს ცოტა სასათბურე პირობები თუ არ შევუქმენით 1-2 თვე ფიზიკურად ძალიან ბევრი ვერ გადარჩება. არის შემთხვევები, რომ გადიან ქვეყნიდან ან ფიზიკურად ფულის ბრუნვა არ აქვთ. შეიძლება არ დაიხურო, მაგრამ ფული თუ არ გაქვს რაღა ბიზნესია. ამიტომ ვიწყებთ ამ კამპანიას. მცირე და საშუალო ორგანიზაციების გვერდით ვართ. რაც ჩვენს რესურსშია მზად ვართ დავეხმაროთ, რომ რამენაირად ცოტა შეღავათი ჰქონდეთ, რომ რამენაირად გადავრჩეთ.’’- აცხადებს ნათია სხვიტარიძე.
კამპანიის ფარგლებში, მცირე მეწარმეები სამი თვის განმავლობაში შეძლებენ აპლიკაციით FAS APP-ით უსასყიდლოდ ისარგებლონ და დაზოგონ ხარჯები. FAS Group-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიზნესის არსებობისა და ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილური გარემო. ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორებისთვის.
