“მგონია, რომ თბილისის ქუჩებში საბჭოთა კავშირი, მონური მენტალიტეტი კვდება და ლაღი ადამიანების სული იმარჯვებს” – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ლანა ღოღობერიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ხელოვანის შეფასებით, დღესდღეობით ახალი საქართველო იბადება, რომელიც რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ნათელი სიმბოლოებით გაიმარჯვებს.
თბილისი პირდაპირ ბორგავს, თან ცოცხალია ძალიან, თან ბორგავს. ყოველ წუთს რაღაცას ელოდები. მე პირადად ასე ვარ. ხან სასოწარკვეთას მივეცემი, მერე ისევ იმედი ჩამესახება.
ჩვენ გვახსოვს 9 აპრილის სიმბოლო, გოგონა დროშით. ახალგაზრდა ქალი მშვენიერი სიმბოლო იყო.ახლა არის ბნელი სიმბოლოები. ერთია ეს წაქცეული ასფალტზე დაგდებული ბიჭი, რომელსაც ერთი ურტყამს თავში ფეხს და მერე მორე კიდე უფრო მეტად გამეტებით. ეს მართლა შემზარავი სიმბოლოა და მეორე, ასეთივე შემზარავია ეს შავნიღბიანი რაღაც არსებები, სადღაც მიმალულები ჯგუფურად, რომ დასდევენ ხალხს. ერთ ადამიანს, ერთ გოგოს, ერთ ბიჭს, იმისთვის რომ ურტყან. მაგრამ მგონია, რომ ამ ბრძოლაში ნათელი სიმბოლოები გაიმარჯვებს”, – ამბობს ლანა ღოღობერიძე.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.