ბექა კობახიძე: დამიჯერეთ, ახლა თუ გაჩუმდით, მაინც ყველას მოგადგებიან. სამმართველოს უფროსად დაწინაურების სანაცვლოდ, სამსახურში თქვენს გვერდზე მჯდომი ადამიანი იტყვის, რომ …

“სად ვდგავართ? რა შანსები აქვს ქართულ ოცნებას გრძელვადიანი ავტორიტარიზმის გაფორმების და რა შანსი გვაქვს ჩვენ რომ შევცვალოთ?
მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებას აქვს არცთუ პატარა შანსი და ჩვენც შეგვიძლია ეს არ დავუშვათ.
ახლა უფრო დეტალურად:
ვინ არის მზად ქოცების ხელისუფლებისთვის იბრძოლოს?
1. დიდ ფულზე მჯდომი მათი მარგინალური ელიტა, რომელიც რაოდენობრივად მცირეა. ასეთი შევარდნაძესაც ყავდა, მაგრამ ცვლილებების მომენტში მათი როლი საერთოდ ვერ გამოვლინდა;
2. პოლიციური და რეპრესიული აპარატი. ამათზე უფრო ვრცლად ქვემოთ დავწერ.
არ იბრძოლებს 100 ლარად ხმის გამყიდავი და “გაპიდარასტებით” შეშინებული მასა. მიტინგებზე რომ დაატარებენ, ისინი არ იბრძოლებენ.
ნახევრად ავტორიტარული რეჟიმები დგანან რუხი მასის და რეპრესიული აპარატის ლოიალიზმზე. ჯერჯერობით, ქართულ ოცნებას ორივე აქვს. თავი არ უნდა მოვიტყუოთ. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, რუხი მასა არ იბრძოლებს.
კონსოლიდირებული ავტოკრატიები, რომლებმაც რუხი მასაც დაკარგეს, დგანან მხოლოდ ხიშტებზე (მაგ. ვენესუელა).
ნახევრად ავტორიტარული რეჟიმები რუხ მასას თვიდან თვემდე საბაზისო სარჩოს აძლევენ, ხოლო რეპრესიულ აპარატებს კარგად აცხოვრებენ. აქედან არის ამ ორის ლოიალიზმი. მადუროს რეჟიმმა მასა ვეღარ გამოკვება, მაგრამ რეპრესიული აპარატი მსუყე ულუფაზე შეინარჩუნა, კუბის და ს რესურსები დაიმატა და ამით შეინარჩუნა ხელისუფლება.
ჩვენში, რადგან რუხი მასა ამ მომენტისთვის თამაშგარეთაა, რადგან კორუმპირებული მდიდარი ელიტები ცოტანი არიან, რეჟიმი მთლიანად დგას რეპრესიულ აპარატზე. რეჟიმი არაფერს დათმობს, სანამ ეს აპარატი მუშაობს. როგორც კი ეს აპარატი ჩამოიშლება, მაშინვე შეიცვლება პროცესების დინამიკა.
სანქციებით შეიძლება რეჟიმი გაფცქვნა, მას სხვადასხვა მიმართულების ელიტები ჩამოაცილო, მაგრამ მხოლოდ სანქციები ვერ ჩამოშლის რეპრესიულ აპარატს – იქ რიგდება ქეში ფული, ბიზნესები, ბინები და ა.შ. არის ე.წ. cash flow და ამას ძნელია რამე მოუხერხო.
ამ ეტაპზე რა ვიცით ქართული ოცნების რეპრესიული აპარატის შესახებ? არავინ დაიჯეროთ რომ გდდ-ში 2008 წელს ნაომარი ხალხია. ასეთ დანაყოფებში სათითაოდ შერჩეული ლოიალისტები მსახურობენ – რამდენიმე რეკომენდატორი სჭირდება ადამიანს, რომ იქ მოხვდეს. რეჟიმის ლოიალისტი უნდა იყო და არა ეროვნული გმირი. ეს არის კრიტერიუმი. მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟშიც გამოჩნდა, რომ ტიპები ერთმანეთთან სამსახურებრივს მიღმა პირადი კავშირებით არიან ერთმანეთზე მიერთებულები.
რა არის მათი მოტივაცია? 1. კლიენტალიზმ-პატრონალიზმი – იმან ის მიიღო სამსახურში, მისი პატრონი კონკრეტული კაცია და მისდამი ლოიალობით ჭამს პურს; 2. ღამეში 500 თუ 1000 ლარი ხალხის რბევისთვის; 3. სადღაც უკან ბექგრაუნდზე ჩანს რწმენა, რომ ქვეყანას პიდარასტებისგან იცავენ.
კი, ეს სამაგალითოდ გაუნათლებელი ხალხია, ასეთად არიან შერჩეულები, მათთვის მორალური შეგონებები უბრალოდ უადგილოა და ასე ვერ გადმოიბირებ.
თუმცა, ამ რეპრესიულ აპარატს ქოციანობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოცდა უდგას. ისინი, ფაქტობრივად, ომში არიან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასეთი ტესტი მათ მანამდე არ ჩაუბარებიათ. ახლა აბარებენ და უჭირთ, ისე ვიწროა, რომ შეიძლება გაწყდეს. ჩვენ უკვე ღია წყაროებით ვიცით, რომ სასაზღვრო პოლიციის ტიპებს ჩააცვეს რობოკოპის ფორმები და დააყენეს რუსთაველზე. მესაზღვრეს სათანადო არც წრთვნა აქვს და არც ფუნქცია. თუ არ გიჭირს, ამას არ აკეთებ. ასევე, მილსადენების დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლები დგანან რუსთაველზე. დადიან და ეძებენ ქუჩის “შპანებს”, მოჭიდავეებს, ტრენაჟორების ინსტრუქტორებს. თუ ძალიან არ გიჭირს რესურსში, ამას არ აკეთებ. ამასთანავე, დარბევა ხდება ორ ან სამ დღეში ერთხელ, რადგან ყოველდღიური რბევის რესურსი არ არის. აშკარად ჩანს, რომ ეს აპარატი არ აქვთ აწყობილი, რადგან მისი ნაკლოვანებები საქმეში არასდროს დატესტილა. თუ რეჟიმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, გდდ-ს საშვილიშვილო მონოლითური აწყობა, მისი მატერიალური უზრუნველყოფა, კაციჭამიების საბოლოო გამობრძმედა იქნება ხელისუფლების მთავარი ამოცანა, რადგან კონკრეტულად ამ ძალაზე უნდა იდგეს რეჟიმი. ისეთ ძალას შექმნიან ერთ წელიწადში, რომელსაც ქუჩა ვეღარასდროს დაამარცხებს.
თუმცა ახლა ეს ძალა არ ყავთ, მხოლოდ მის ილუზიას ქმნიან.
ბოლომდე, სულ ბოლომდე არის საჭირო მიწოლა, თუნდაც თვეები გაგრძელდეს, რათა ეს დავიწროვებული გაწყდეს. რასაკვირველია, ამ პერიოდის მანძილზე რეჟიმი იბრძოლებს როგორც დაჭრილი მხეცი, ბევრს დაიჭერენ, ცემენ, სამსახურიდან გააგდებენ, მაგრამ არჩევანი არის ორიდან ერთი: ა) დანებება ნიშნავს რომ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებ, ბოლოს ყველას მიადგებიან, მათ შორის გაჩუმებულებსაც; ბ) ვუძლებთ და ვიმარჯვებთ.
რა გარემოებაში შემოეფცქვნება რეჟიმს მისი მთავარი საყრდენი – რეპრესიული აპარატი? თუ ეს აპარატი გადაწყვეტს, რომ მას ისეთი დისკომფორტი ექმნება მისი მსახურებისგან, რომელიც რბევაში მიღებული 500 თუ 1000 ლარით ვერ ბალანსდება. რა არის ასეთი დისკომფორტი? მათთვის “ნიღბების მოხსნა”, რაც არაჩვეულებრივად გააკეთა მაკა ჩიხლაძემ – შვილმა უნდა იცოდეს, რომ მამას სისხლიანი ფული მიაქვს სახლში, ცოლს უნდა რცხვენოდეს, მეზობელი მინიმუმ უნდა ერიდებოდეს; რაღაც მომენტში დამდგარი რწმენა, რომ ეს ამბავი კვირები, თვეებია გრძელდება და დამთავრებას არ აპირებს, რომ რეჟიმი არ გამოიყურება იმად, რომ მას საბოლოო გამარჯვება შეუძლია; ნიღაბ მოხდილის შიში, რომ მას სამართლებრივად პასუხს აგებინებენ.
აი, ამ ფაქტორებზე გადის ყველაფერი. პატრონის რწმენა უნდა დაიკარგოს, 1000 ლარის სიტკბო მარგინალიზაციამ და შიშმა უნდა გაანელოს. ჩანს რომ ეს შესაძლებელია. მთავარია ჩვენ არ დავნებდეთ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია გაძლება ორ მნიშვნელოვან თარიღამდე:
1. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის მომენტისთვის პროტესტი უნდა იყოს მძლავრი, რათა ქოცების მხრიდან ტრამპთან “დალაგების” მცდელობის პროცესში ჩვენი პროტესტი იყოს მთავარი ფაქტორი;
2. კონგრესის მიერ “მეგობარი აქტი”-ს მიღება, რაც ტოტალურ სანქციებს დაძრავს. ამერიკას აუცილებლად მიყვება ევროკავშირი, რაც დემოკრატიას გაამხნევებს და ავტორიტარიზმის მომხრეებს რეჟიმისგან ჩამოაშორებს.
მთავარია ამ ორ მოვლენამდე წინააღმდეგობა ისე არ შეწყდეს, რომ საშველი აღარ იყოს. მესმის, ყოველი დღე მძიმე გადასატანია, მაგრამ ცრუ მოლოდინს ნუ შევიქმნით, რომ აი “რეჟიმი უკვე მთავრდება, დღეებს ითვლის…”. დასავლეთის პოლიტიკაში ზვავი ნელა გორდება, ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს, ნახევარი წელიც კი. ამისთვის ფსიქოლოგიური მზაობაა საჭირო.
საბოლოო ჯამში, მთავარი ვართ ჩვენ, შიგნით, ჩვენი გასაკეთებელი საქმეა ეს, გარე ფაქტორების დინამიკასაც ჩვენი შეურიგებლობა განსაზღვრავს; შიდა დინამიკაა მთავარი, ხოლო გარე დინამიკა – დამხმარე.
პ.ს. ბოდიშს ვიხდი, რომ ამას სახლიდან ვწერ და კონკრეტულად დღეს ვერ ვარ აქციაზე.
პ.პ.ს. დღეს დაანონსეს საჯარო სამსახურში მასობრივი წმენდებისთვის კანონმდებლობის გამარტივება. ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა, რომ ორი აუცილებელი ფაქტორი უნდა შეიქმნას: 1. ყველა ინდივიდის შემოსავლის წყარო უნდა კონტროლდებოდეს რეჟიმის მიერ და მას უნდა იღებდე ლოიალიზმის წყალობად, ლოიალიზმის სანაცვლოდ; 2. პოლიტიკური ალტერნატივები უნდა განადგურდეს, რომ ასარჩევიც არაფერი გქონდეს.
დამიჯერეთ, ახლა თუ გაჩუმდით, მაინც ყველას მოგადგებიან. სამმართველოს უფროსად დაწინაურების სანაცვლოდ, სამსახურში თქვენს გვერდზე მჯდომი ადამიანი იტყვის, რომ გულში ცვლილებებს გულშემატკივრობდით. ნუ გაწირავთ თავს და შვილებს ამისთვის,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ