ევროკავშირმა უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გადაცემას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინა მისი მაკროფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4.2 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სესხებსა და გრანტებს მიიღებს.
საბჭოს განცხადებით, უკრაინამ ახალი დახმარების მისაღებად საჭირო პირობები და რეფორმები წარმატებით შეასრულა.
ცნობისთვის, პროგრამა Ukraine Facility, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ მარტს შევიდა, 2024-2027 წლებში უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერის მიზნით გრანტებისა და სესხების სახით 50 მილიარდ ევრომდე გამოყოფას ითვალისწინებს. პროგრამის ფარგლებში უკრაინამ 4,2 მილიარდი ევროს ოდენობის პირველი ტრანში აგვისტოში მიიღო.