“შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი კომპრომისია, რისთვისაც საჭიროა სიმამაცე და ბევრი გაბედული ადამიანი, ბევრი გაბედული ბიზნესი,” – ასე ფიქრობს „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი, ბექა ბექაია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.
საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.
ბექაია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა ახლა უნდა დაინახოს ხალხის ერთიანობა იმისთვის, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატულა ჩააცხროს, წავიდეს დათმობაზე, კომპრომისზე. ბიზნესმენის აზრით, ახლა მთავარი სიტუაციის ჩაცხრობა და კონსენსუსია.
“ამისთვის გარკვეულმა ადამიანების ჯგუფმა ან ერთმა ადამიანმა რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როგორ? ალბათ უნდა დაინახოს რაღაც ძალა, რომ წავიდეს კომპრომისზე. ეს ძალა უნდა იყოს მათ შორის ბიზნესმენები და საზოგადოება. ხმა უნდა ამოიღოს ყველამ, გაბედული ადამიანები გვჭირდება. ჩვენს თავში უნდა ვიპოვოთ სიმამაცე და წინა პლანზე წამოვწიოთ, ვინაიდან ყველა ბიზნესი უკან დაგვრჩება“, – განაცხადა ბექა ბექაიამ.
კითხვაზე, – რამ მიგვიყვანა აქამდე, – ბექაიას პასუხია: დუმილმა, თვალის დახუჭვამ, საბჭოთა მენტალიტეტმა.
“ალბათ იმან, რომ ვიყავით გაჩუმებულები, ჩვენში ეს საბჭოთა მენტალიტეტი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ ვთვლით, რომ ვიღაც ზემოთ იქნება და ჩვენ თუ ჩვენი ადგილი გვეცოდინება, ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი. ამას მიგვაჩვიეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ბიზნესი ყველაზე ადვილად დასაჩაგრად და მოწყვლად ჯგუფად იქცა“, – განაცხადა ბექა ბექაიამ.
შეგახსენებთ, ათი ღამეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება. აქციის მონაწილეტა ნაწილი ითხოვს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთასორიშო გამოძიებას და ახალ არჩევნებს.
ომბუდსმენის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოებმა აქციის არაპროპორციული ძალის გამოყენებით შლიან მშვიდობიან აქციას მაშინ, როცა არ არსებობს მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი.
ყოველდღე აქციის მსვლელობისას მობილიზებულია სპეცდანიშნულების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მასობრივად აკავებს აქციის მონაწილებს. ჩხრეკენ აქციის მონაწილეების სახლებს, ორგანიზაციებს. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები. მოქალაქეები პიროტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თავი დაიცვან ძალოვნების შემოტევისგან.
ტერორის მიზნით, განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს და მედიას.
შსს აქციის დასაშლელად იყენებს არაპროპორციულ ძალას.