გამოცემა „ესტონეთის ექსპრესის“ („Eesti Ekspress“) მიერ გაანალიზებული სატელიტური სურათები ბალტიის ქვეყნების და პოლონეთის საზღვრებთან განთავსებულ რუსეთის რამდენიმე სამხედრო ბაზაზე „ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე“ მიუთითებს.
2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული ჯარები და აღჭურვილობა ფრონტზე ან სხვა რეგიონებში გაიგზავნა, რის გამოც ფინეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას მახლობლად განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზები „ნახევრად ცარიელი“ დარჩა.
თუმცა, „ესტონეთის ექსპრესის“, ლიეტუვას ეროვნული სამაუწყებლო კომპანიის (LRT), პოლონური გამოცემა „Frontstory.pl“-ისა და პლატფორმა „VSquare.org“-ის ბოლო ერთობლივი გამოძიება აჩვენებს, რომ ვითარება იცვლება და „ნახევრად ცარიელი“ ბაზების ადგილზე, ახალი ინფრასტრუქტურა იქმნება.
ჟურნალისტებმა, კვლევის პროცესში, რუსეთსა და ბელარუსში სამხედრო თვალსაზრისით 24 მნიშვნელოვანი ლოკაცია შეისწავლეს და უკრაინაში ომის დაწყებამდე და ბოლო დროს გადაღებული სურათები ერთმანეთს შეადარეს.
„ექსპრესმა“ გამოავლინა რამდენიმე სამხედრო ბაზა ბალტიის საზღვრებთან, რომლებზეც აქტიური ფუნქციონირების ნიშნები შეიმჩნევა. ამ ადგილებში რუსი ჯარისკაცები გადიან წვრთნას, რის შემდეგაც სხდებიან მატარებლებში, რომლებითაც, ახალ ან აღდგენილ აღჭურვილობასთან ერთად, უკრაინის ფრონტზე მიდიან. ასევე დაფიქსირდა ავიაბაზები, რომლებიც ავიაგამანადგურებლების მიერ, უკრაინაში გაფრენამდე, საწვავის შესავსებად გამოიყენება. სატელიტური სურათებით დასტურდება, რომ ზოგიერთი ტექნოლოგია სრულიად ახალია. ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ რუსეთის არმიას მხოლოდ საბჭოთა პერიოდის რეზერვები გააჩნია“, – წერს გამოცემა.
„საბოლოოდ, იკვეთება მკაფიო სურათი იმისა, თუ რა საფრთხეს უქმნის რუსეთის შეიარაღებული ძალები ამჟამად ესტონეთს და როგორ უნდა ვუპასუხებთ მას, აუცილებლობის შემთხვევაში“, – დასძენს „ესტონეთის ექსპრესი“.
წყარო: 1tv.ge