ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული კონტინენტთაშორისი ჰიპერბგერითი ბალისტიკური სარაკეტო სისტემა ორეშნიკის განთავსებაზე შეთანხმდნენ.
6 დეკემბერს პუტინმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს წინადადებას, რომ ბელარუსში ეს სარაკეტო სისტემა განეთავსებინათ. მათ მოაწერეს ხელი უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას. პუტინის თქმით, ორეშნიკის ბელარუსში განთავსება შესაძლებელი მომდევნო წლის მეორე ნახევარში იქნება.
პუტინმა აღნიშნა, რომ შეიარაღება რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შემადგენლობაში დარჩება, თუმცა შესაძლო მოწინააღმდეგის სამიზნეების შერჩევა ბელარუსის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეეძლება.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება მიიღეს აშშ-სა და გერმანიის პასუხად, ევროპაში საშუალო მანძილის რაკეტების განთავსების გამო.
28 ნოემბერს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სხდომის შემდეგ ლუკაშენკომ თქვა, რომ პუტინს “ეხუმრა”, ორეშნიკის რაკეტების ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებაზე.
21 ნოემბერს უკრაინა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც კონტინენტთაშორისი რაკეტით იერიში მიიტანეს. სამიზნე ქალაქ დნეპრში მდებარე საწარმოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი 2023 წლიდან არის განთავსებული. ამ საკითხზე მინსკი და მოსკოვი 2023 წლის 25 მარტს შეთანხმდნენ.
წყარო: ტაბულა