ევროპულმა საქართველომ ზოგადი განათლების რეფორმა წარადგინა. საქართველოს განათლების სფეროში “სისტემური გადატვირთვის” პარტიულ გეგმაზე ევროპული საქართველოს წევრმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ისაუბრა.
პარტიის ხედვით, აუცილებელია ზოგად განათლებაში მთავრობის როლი შემცირდეს, რითაც სისტემაში თავისუფალი კონკურენცია გაიზრდება. ამისთვის, საჯარო სკოლები კერძო მართვაში გადავლენ, რითაც სისტემის ბენეფიციარი მოსწავლე, და არა მმართველი პარტია, გახდება.
წარდგენილი გეგმით, სკოლების განკერძოების პროცესი შემდეგნაირად წარიმართება: მაღალი რენტაბელობის მქონე სკოლები (მაგ. 55-ე საჯარო სკოლა) აუქციონის წესით გაიყიდებიან, ხოლო სკოლების ნაწილი მინიმალურ ფასად, საუკეთესო სკოლის მართვის პროექტის ავტორს, გადაეცემა. რაც შეეხება არარენტაბელურ სკოლებს, პარტიის თქმით, ამ შემთხვევაში ბიზნესთან მორიგებები გაიმართება.
განკერძოებასთან ერთად, ევროპული საქართველო აპირებს, რომ ზოგადი განათლების სისტემაში, საჯარო და კერძო სკოლებზე გამოყოფილი ვაუჩერები გაათანაბროს და სრული “ვაუჩერიზაციის” პროცესი დაიწყოს. ამ გეგმით, კერძო, საჯარო და სკოლამდელ დაწესებულებებში მყოფ 793 000 ბავშვზე, 2022 წლის ზოგადი და სკოლამდელი განათლების 1.6 მილიარდიანი ბიუჯეტი, შესაძლოა ისე გადანაწილდეს, რომ თითოეულ ბავშვს, სულ მცირე, 2000-ლარიანი ვაუჩერი გამოეყოს. ხოლო დაფინანსების სრული ვაუჩერიზაციისა და ფლანგვის დასრულების შემდეგ, მოსწავლეზე გამოყოფილი ვაუჩერი 3000-4000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
ახლანდელი სისტემით, საჯარო სკოლების მოსწავლეებს 500-1000-ლარიანი, ხოლო კერძო სკოლის მოსწავლეებს 300-ლარიანი ვაუჩერები აქვთ, ხოლო ბიუჯეტის დიდი ნაწილი არაკვალიფიციური მასწავლებლების შენახვას ხმარდება.
თამარ ჩერგოლეიშვილი წარდგენილ რეფორმასთან დაკავშირებით სავარაუდოდ არსებულ შიშებსაც წინასწარ პასუხობს. იგი მოსაზრებას, რომ ამ რეფორმით “უფასო სასკოლო განათლება აღარ იარსებებს”, უსაფუძვლოს უწოდებს. ევროპული საქართველოს გეგმით, სავალდებულო განათლების გარეშე არცერთი მოსწავლე დარჩება.
ამასთანავე, სკოლების კერძო ინვესტორებზე განკერძოება გარკვეული ვალდებულებებითა და აქტივებით მოხდება.
თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, არსებული სისტემა პრიორიტეტს მორჩილ, არაკომპეტენტურ მასწავლებლებს ანიჭებს, რასაც ის ფაქტი ასახავს, რომ 2022 წლის საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80-ზე მეტი ჩაიჭრა.
შესაბამისად, ევროპულ საქართველოს ასევე მიაჩნია, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო, რათა სისტემაში მაღალკვალიფიციურ მასწავლებლებს ჩართვა გაუმარტივდეთ. ამისთვის, კერძო სკოლებს ავტორიზაცია გაუუქმდებათ და მასწავლებლობის მსურველთათვის ერთწლიანი სასერტიფიკატო კურსის გავლის ვალდებულება მოიხსნება.
დამატებით, პარტიის ხედვით ხელი შეეწყობა ონლაინ და მოდალური სწავლების დანერგვას. თუმცა, ჩერგოლეიშვილის თქმით, კოვიდპანდემიის ონლაინ სწავლების გამოცდილებისგან განსხვავებით, ეს პროცესი სასწავლო ოთახში წარიმართება და მოსწავლეებს ზედამხედველი ეყოლებათ, რათა გაკვეთილის სრულად მოსმენა უზრუნველყოფილი იყოს. რაც შეეხება მოდალური სწავლების დანერგვას, ეს მასწავლებლებს მისცემს არჩევანს, სხვა სკოლებში სასწავლებლად განსაზღვრული დროით ასწავლონ, რაც გაზრდის შანს, რომ მასწავლებელი უფრო დათანხმდება სხვა რეგიონში დროებით მუშაობაზე, ვიდრე მაშინ, როდესაც სასწავლებლად მას მუდმივად დარჩენის წინაპირობა აქვს.