ბელარუსთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს მინსკში მოეწერება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მინსკში, რუსეთ-ბელარუსის „საკავშირო სახელმწიფოს“ უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„შეთანხმება განსაზღვრავს ორმხრივ ვალდებულებას რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვის, ტერიტორიების მთლიანობისა და ხელშეუხებლობის უზრუნველყოფაზე ყველა არსებული ძალისა და საშუალების გამოყენებით“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, შეთანხმებაში ასევე საუბარია ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებაზე.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნების „უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც მიზანმიმართულად ამძაფრებს დაძაბულობას უკრაინაში“, მსოფლიოს გლობალური კონფლიქტისკენ უბიძგებს.
„ამავე დროს, გარე ზეწოლის პირობებში, რუსეთი და ბელარუსი მსოფლიო საკითხებში ერთმანეთს ნამდვილ მხარდაჭერას უწევენ. მთავარი ის არის, რომ რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები აგებულია მეგობრობისა და კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების ურყევ პრინციპებზე“, – აღნიშნა პუტინმა.