თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.
ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა.
„ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები. ოპოზიციის წინასწარ გამოცხადებულ ღონისძიებაზე ვიყავი მისული. ისეთ ადგილას იყო ეს ღონისძიება, სადაც სპეცრაზმით იყო სავსე. წინა დღეს მე დავინახე, რომ სახლთან მითვალთვალებდნენ, ვიცოდი, რომ ჩემ დაკავებას აპირებდნენ, ისიც ვიცოდი და ვგრძნობდი, რომ აშკარად დამაკავებდნენ „მერიოტში“, მაგრამ ავდექი და წავედი. იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ წინასწარ ჩემ ახლობელს დავუტოვე ტელეფონი და საფულე.
მე ვარ კანონის პატივისმცემელი ადამიანი. ვინმე შემეხმიანა და მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?“ – განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ დაკავების მიზეზზე პოლიციას მისთვის „ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს“.
„ცემა-ტყეპით და გინებით წამათრიეს, რუსების აგენტი ხარო და რაღაცებს მეძახდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ მისი დაკავება და მომხდარი, „წინასწარ დაგეგმილი ამბავი იყო“.
ამასთან, მან ისაუბრა ალი ბაბაევთან დაკავშირებითაც.
„წარმოდგენა არ მქონდა, რომელ პარტიაში იყო ბაბაევი. არამზადად ვიცნობდი ყოველთვის. მე მასთან მქონდა ძალიან მძიმე ფაქტები, როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, მოდიოდა. ვიღაცებთან რაღაც აშკარა კორუფციული ინტერესით მოდიოდა და ყოველთვის უარს ვეუბნებოდი“, – განაცხადა ელისაშვილმა და აღნიშნა, რომ ბაბაევი მასთან „რაღაც კორუფციული ინტერესით” მაშინაც მივიდა, როცა საკრებულოს წევრი იყო.