ლევან ცუცქირიძე – მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე – ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას

მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე – ასევე, გამოსავალი არის იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და განვითარება გააგრძელოს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ლევან ცუცქირიძემ ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე აქციებზე სამართალდამცველები მოქალაქეების მიმართ მასიურ ტერორს ეწევიან.
„ძალიან მნიშვნელოვან და საქართველოსთვის ძალიან ტრაგიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენი ე.წ. სამართალდამცველები ეწევიან მასიურ ტერორს, ადამიანებს აშინებენ, მათზე ფიზიკურად ძალადობენ. ფაქტები, რომლებიც ჩვენ გვესმის, არის აღმაშფოთებელი, ადამიანებს საათობით ტოვებენ გარეთ, კეტავენ მათ ოთახებში, ასხამენ გაზს, ურტყამენ, ამტვრევენ ძვლებში, დიდი ხნის განმავლობაში აწამებენ, ამას ვიდეოკამერაზე იღებენ. რასაც ეს ადამიანები გვიყვებიან, არის შემზარავი და დანაშაული, ამიტომ, მე მინდა ყველას მივმართო, ეს დანაშაული არავის შერჩება, ეს დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი. პოლიტიკური პატიმრები აუცილებლად გათავისუფლდებიან იმიტომ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები და დაპატიმრებულები და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.
ასევე მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცნენ მიეცნენ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ძალადობდნენ ახალგაზრდა მომიტინგეებზე. ყველამ ვნახეთ, ფიზიკური ძალადობის კადრები, შემზარავი ვიდეოები, რომლებიც ვრცელდება მთელ საქართველოში და უკვე მთელ მსოფლიოში. ადამიანები,რომლებიც ამას ჩადიოდნენ, სასწრაფოდ უნდა მიეცნენ პასუხისმგებლობაში. ის ხალხი ვერ გაექცევა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ აკისრიათ“, -განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი სახელმწიფო საკუთარი დეზინფორმაციის სამსახურში ჩააყენა.
„სამოქალაქო ორგანიზაციებში შესვლა, ჩხრეკა და ადამიანების დაკავება ემსახურება იმას,რომ საზოგადოება დააჯერონ, „თითქოს არსებობს რაღაც კონსპირაცია, შეთქმულება და საიდანღაც, ოფისებიდან იმართება პროტესტი, რომლის მიზანი არის ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ძალადობის პროვოცირება, ეს ასე არ არის. ვინც ძალადობს, ყველამ კარგად ვნახეთ ვიდეოებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება“, -განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ მოისმინა, რომ ჰოლანდიამ შესაძლოა მოითხოვოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“.
„თუ ვიზალიბერალიზაცია დაიკარგა, ეს იქნება ნაბიჯი საქართველოს 1990-იან წლებში დაბრუნებისკენ, საქართველოს იზოლაციისკენ, კიდევ უფრო გაღარიბებისკენ და კიდევ უფრო ჩამორჩენილობისკენ და ეს არის ის, რაც არავინ უნდა დავუშვათ. აქედან გამოსავალი არის არჩევნები იმისთვის, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და განვითარება გააგრძელოს“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ამასთან, ცუცქირიძემ მიმართა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ის ეკონომიკური პრობლემები, რაც შეიძლება „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მოიტანოს, მათაც დააზარალებს.
ცუცქირიძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ამას ხვდება, ამიტომ დუმილის დრო არ არის, შესაბამისად ბიზნესიც უნდა შეუერთდეს იმ პროტესტს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. „ჩვენი პროტესტი და წინააღმდეგობა გრძელდება, გაგრძელდება ყველა იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენთვის არის ხელმისაწვდომი, მანამ სანამ ჩვენ არ მივაღწევთ გამარჯვებას – ეს იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.