საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში კორპორაციული ღონისძიებების ჩატარებისგან თავს იკავებენ და ჯავშნებიც აღარ არის – BTL GEORGIA
ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორზე ყველაზე მეტად აისახება. კორპორაციული ტურიზმი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კონფერენციების ორგანიზებას ითვალისწინებს. საქართველო ყოველწლიურად უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას მასპინძლობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალრიცხოვანი დელეგაციებით ჩამოდიან, თუმცა ბოლო პერიოდში ტურიზმის ეს მიმართულება დეფიციტს განიცდის.
„არანაირი შეკვეთები აღარ შემოდის“, – აცხადებს კომერსანტთან საუბარში BTL GEORGIA-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაია ბიბილაური. შემომყვანი ტუროპერატორი წლებია ისეთ ორგანიზაციებს ემსახურება როგორიც არის გაერო, წითელი ჯვარი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), უცხოური ბანკები, ფარმაცევტული კომპანიები, Human Resources Network და სხვა.
BTL GEORGIA-ს დამფუძნებელი და დირექტორი აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მათ სექტორზე უარყოფითად იმოქმედა. მაია ბიბილაურის განმარტებით, საერთაშორისო ორგანიზაციები კონფერენციებს რამდენიმე თვით ადრე გეგმავენ. ტენდერის მეშვეობით ჯერ არჩევენ ქვეყანას, შემდეგ კი ორგანიზაციას, რომელიც მათ უმასპინძლებს. თუმცა ჯავშნები აღარ შემოდის. მაია ბიბილაური აცხადებს, რომ ეს პროცესი არჩევნებამდე დაიწყო, რადგან ყველა შედეგებს ელოდებოდა. არასტაბილურმა ვითარებამ კი კორპორაციული ტურიზმი კიდევ უფრო დააზარალა.
„რასაკვირველია ამ მოვლენებმა იმოქმედა, როდესაც ქვეყანაში გვაქვს არასტაბილური სიტუაცია, ეს კორპორაციულ სეგმენტს ეგრევე აჩერებს, აფერხებს, ვინაიდან რაც არ უნდა ავუხსნათ და ვიზრუნოთ ჩვენს სტუმრებზე, უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ჩვენგან არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი ჩვენი ნათქვამი, იმის ფონზე რასაც უყურებენ და რაც ესმით მედიაში. არანაირი შეკვეთები აღარ შემოდის. არც ნოემბერში იყო და არც დეკემბერზე. ყველაზე უახლოესი შეკვეთა არის ივნისი, ივლისი. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც მუშაობს მხოლოდ კორპორაციულ სეგმენტზე. ჩვენი შეკვეთები მოდის ხოლმე 2 თვით, 6 თვით ადრე. ჩვენ ვემსახურებით კორპორაციებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, როდესაც მათ თავისი თანამშრომლები ჩამოჰყავთ კონფერენციაზე. ეს კატეგორია ხალხი ყველაფერს აკეთებს წინასწარ, რადგან ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. არჩევნების წინა პერიოდში უკვე გაჩერდა შემოსვლა, რადგან ყველა ელოდებოდა შედეგებს. ამ მოვლენების შემდეგ საერთოდ აღარაფერია, არანაირი დინამიკა აღარ არის“, – აცხადებს მაია ბიბილაური.
საერთაშორისო ორგანიზაციები გასვლითი კონფერენციისთვის პირველ ეტაპზე ქვეყანას არჩევენ. ,,BTL GEORGIA”-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ მთავარია ტენდერში საქართველომ გაიმარჯვოს და საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევანი ჩვენს ქვეყანაზე გააკეთონ. თუმცა ხშირად მათ გადაწყვეტილებაზე არა მხოლოდ საქართველოში განვითარებული მოვლენები, არამედ რეგიონში შექმნილი ვითარება ახდენს გავლენას.
,,როდესაც მენეჯმენტს მიჰყავს მაგალითად, 200 კაცი სხვა ქვეყანაში, რასაკვირველია მთავარი არის უსაფრთხოება. ტურიზმი არის ყველაზე სენსიტიური ბიზნესი დედამიწაზე. ჩვენთან კი არა, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება კონფლიქტები, მაგ დროსაც არ ჩამოდიან ჩვენთან, იმიტომ რომ ითვლება, რომ რეგიონში პრობლემაა. ძალიან ბუნებრივია ეს ტურიზმში. ნებისმიერი ტიპის ტურიზმზე მოქმედებს ის რაც ხდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონშიც. ვინაიდან ეს არის მრავალსაფეხურიანი ტენდერი, აქ მთავარია რომ ქვეყანამ გაიმარჯვოს ჯერ. მთავარია რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ყოველთვის ჯობია, რომ კარგმა კონკურენტმა უმასპინძლოს, რადგან შენ ხარ ქვეყნის სახე.”- აცხადება მაია ბიბილაური.
კორპორაციული ტურიზმი ტურისტულ სეზონზე არ არის დამოკიდებული. ამ სექტორში აქტიურად იანვრიდან აგვისტომდე პერიოდი მიიჩნევა. აგვისტო კი ორგანიზაციების უმრავლესობა შვებულებაშია, რის გამოც ეს თვე კორპორაციულ ღონისძიებებსა და კონფერენციებს არ ეთმობა. ,,BTL GEORGIA”-ს მფლობელი და დირექტორი მაია ბიბილაური განმარტავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტები საერთაშორისო ორგანიზაციებში წლის ბოლოს დგება. შესაბამისად, მათ წინასწარ იციან რა ღონისძიებებს გამართავენ და რა პერიოდში. აქედან გამომდინარე შეკვეთები საქართველოში მოქმედ შემომყვან ტუროპერატორებს, რომლებიც B2B სეგმენტზე მუშაობენ, აქამდე უნდა მიეღოთ.