ვნახეთ რეპრესიები „ქართული ოცნების“ მხრიდან – იქნებოდა ეს სახლებში მისვლა, ოფისებში მისვლა თუ ა.შ. – ვნახეთ რამდენი ადამიანი დააკავეს და როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად – ეს დაკავებული ადამიანები არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან , -ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „ინტერპრესნიუსთან“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად ამისა, დაკავებული ადამიანები იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ აქციაზე ბრუნდებიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქართველი ხალხი აქციაზე მანამ იდგება, სანამ არ მიიღებს იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ევროპული და დემოკრატიული მომავალი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იღლებიან საკუთარი მომავლისთვის ბრძოლაში. ვხედავთ, რომ აქციები ყოველდღე მართლაც ძალიან დიდია.არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც არის. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას, დემოკრატიულ უკუსვლას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავით. ჩვენ ვნახეთ რეპრესიები „ქართული ოცნების“ მხრიდან – იქნებოდა ეს სახლებში მისვლა, ოფისებში მისვლა თუ ა.შ. ვნახეთ რამდენი ადამიანი დააკავეს და როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად. ეს დაკავებული ადამიანები არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან. მიუხედავად ამისა, ისინი როდესაც გამოდიან [იზოლატორიდან], კვლავ ბრუნდებიან აქციაზე. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ ქართველი ხალხი აქ იდგება მანამ, სანამ არ მიიღებს იმას, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – ევროპული და დემოკრატიული მომავალი“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.