“ოცნებამ” გადაუხვია, “ოცნებამ” უარი უთხრა ევროპას, “ოცნებამ” უარი უთხრა ამერიკას, “ოცნებამ” უთხრა ერთსაც და მეორესაც, რომ თქვენი ფული არ გვჭირდება – მე არ შევცვლილვარ, მე ვარ ის, რაც ვიყავი 70 წელი და ვრჩები [ასე],- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მას არ უღალატია საქართველოსთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ხმა მისცა 2018 წელს არჩევნებში.
“ის გაგება, რომელიც საზოგადოებაში კიდევ სუფევს, რომ მე ხმა მივეცი ვინმეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ უნდა იყო ამ ადამიანების, მისი ნათქვამისა და გადაწყვეტილების მფლობელი. მხარი მე დამიჭირეს იმიტომ, რომ ვიყავი ამ გზის [ევროინტეგრაციის] წარმომადგენელი. მე ძირითადად, საგარეო პოლიტიკაზე მქონდა ამბიცია. ვიცოდი, რომ როგორც პრეზიდენტი, ამ დარგში ის პოზიცია და პოლიტიკა, რასაც წარმოვადგენდი, რისიც მჯეროდა, რისი გაკეთებაც შემეძლო და რაც მთელი ცხოვრება იყო ჩემი ერთადერთი მიზანი, ეს არ შეცვლილა.
ეს ბიძინა ივანიშვილის ნათქვამიც იყო, რომ თქვენ მიხედეთ საგარეო პოლიტიკასო. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამისთვის მაძლევდნენ ხმას, მე არ მიღალატია, არ მიღალატია ამ მიზნისთვის, საქართველოსთვის და მისი ევროპელობისთვის. ძალიან კარგად ვიცით, რა მოხდა არჩევნებზე და ამ ადამიანებმა ჩემზე კარგად იციან, ვინც იყო ჩართული სხვადასხვა ფორმით მის გაყალბებაში. ამ ადამიანებმა, იმ “ოცნების” მომხრეებმა ძალიან კარგად იციან. “ოცნების”, რომელიც აღარ არის პროევროპული, რომელიც აღარ არის დემოკრატიის ოცნება, რომელიც აღარ მიდის ამ მიმართულებით. “ოცნებამ” გადაუხვია, “ოცნებამ” უარი უთხრა ევროპას, “ოცნებამ” უარი უთხრა ამერიკას, “ოცნებამ” უთხრა ერთსაც და მეორესაც, რომ თქვენი ფული არ გვჭირდება. “ოცნება” გადავიდა რუსეთისკენ. ამბობს და ფიქრობს, მაგრამ ცდება, რომ ჩინეთთან რაღაც ურთიერთობები ამას დააბალანსებს. ამან უღალატა იმ მთავარ მიმართულებას, რომელიც საქართველოს 80%-ია. “ოცნებას” ეს, დღეს იმის მიუხედავად, რომ მიდის პირდაპირ მოსკოვისკენ და მოსკოვი ამას ძალიან კარგად აფასებს, სჭირდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო, იძულებულები არიან სამსახურით, ნაცნობობით, ნათესაობით, რომ იყვნენ “ოცნების” მომხრეები. მათ მაინც უნდათ ევროპა. ამიტომ, “ოცნება” იძულებულია, რომ თან გააგრძელოს თავისი გზა რუსეთისკენ და ამავე დროს, დაარწმუნოს თავისი ბოლო ბირთვი რაც დარჩა, რომ მე მაინც შევძლებ ევროპისკენ წასვლას. რატომ არის იძულებული ეს მე არ უნდა მკითხოთ. ამ დროს, მთელი ევროპა, ყველა ქვეყანა, ყველა ინსტიტუტი, რაც ევროპაში არსებობს, ეუბნებიან “ოცნებას”, რომ არა, ვერა. ამ ფორმით, ამ განცხადებებით, ამ პოლიტიკით, ამ სხვადასხვა გზის გადაჭრით, ამ ქცევით, ამ რეპრესიებით რაც დღეს ხდება, ამ არა დემოკრატიული გადაწყვეტილებებით, ამ ერთპარტიულობით, ამ კვაზი დიქტატურით, რაც ნელ-ნელა შემოდის ქვეყანაში, ამ დაპირებებით, რაც მიეცით წინასაარჩევნოდ, რომ ყველას დაგიჭერთ, რომ ოპოზიციის ყველა პარტიას გავაუქმებ, ასე ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, რაც არ უნდა დაჰპირდეთ თქვენს ამომრჩევლებს. მე არ შევცვლილვარ, მე ვარ ის, რაც ვიყავი 70 წელი და ვრჩები [ასე]“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
