რა შესაძლებლობებს იძლევა ინკლუზიური პროფესიული განათლება – „პროფესიული განათლების ნავიგატორი“

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. რა კეთდება ამ მიმართულებით, რა საკანონმდებლო და პრაქტიკული ნაბიჯი გადაიდგა. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში თაი სიბოშვილის გადაცემა „პროფესიული განათლების ნავიგატორში“ ისაუბრეს.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინკლუზიური განვითარების მენეჯერის ირმა გიორგობიანის თქმით, ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვა, პროფესიული განათლების საფეხურზე, 2013 წლიდან დაიწყო და მას შემდეგ, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და პრაქტიკული ცვლილება განხორციელდა, გაფართოვდა ინკლუზიური განათლების წრე და ის სსსმ და შშმ პირების გარდა სხვადასხვა მოწყვლად თუ დამატებითი საჭიროების ჯგუფებსაც მოიცავს.
„სწორება არის იმაზე, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, მათი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. ჯერ ვეხმარებით იმ ჯგუფებს, რომელთან მეტი ბარიერი აქვთ იმისთვის, რომ პროფესიულ განათლებამდე მოვიდნენ, ამ ბარიერების აღმოფხვრის კუთხით ვმოქმედებთ ამ ჯგუფებთან და ვცდილობთ შესაბამისი ინტერვენციები და ახალი სერვისები შევთავაზოთ. შშმ პირებთან დაკავშირებით, ყველა შენობა ხელმისაწვდომობის მხრივ მინიმალურ სტანდარტს მაინც აკმაყოფილებს, ასევე გვაქვს უნივერსალური დიზაინით მოწყობილი შენობებიც, ასეთი ამ ეტაპზე არის 5. უნივერსალური დიზაინი გულისხმობს, რომ ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი დარღვევის მქონე ადამიანისთვის. ასევე ყველა კოლეჯში სადაც არის სსსმ თუ შშმ სტუდენტი, აუცილებლად არის ინკლუზიური განვითარების სპეციალისტი. მათთვის ასევე უზრუნველყოფილია დამატებითი მხარდამჭერი მომსახურებები, მაგალითად ჟესტების ენის თარჯიმანი. ასევე შეიძლება იყოს სპეციალური ასისტენტის საჭიროება, ან ტრანსპორტით უზრუნველყოფის და ამისთვის არსებობს კვარტალური 1000 ლარიანი ვაუჩერი სტუდენტისთვის, რომელიც ერიცხება კოლეჯს და ამას განკარგავს ამ სერვისებისთვის,“- განაცხადა ირმა გიორგობიანმა.
გადაცემაში ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ ხდება სსსმ და შშმ პირების პროფესიულ პროგრამებზე მიღება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ, ვებ გვერდიდან – https://vet.emis.ge, სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს მინიმუმ 3 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შერჩევის შესაძლებლობა ეძლევა. მან რეგისტრაციისას, სპეციალურ ველში აუცილებლად უნდა დააფიქსიროს რომ ის სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირია. შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ვალიდური დასკვნის არარსებობის შემთხვევაში, პირი გადის შეფასებას მულტიდისციპლინარულ ჯგუფთან, რომელიც ადგენს დასკვნას, სადაც ასევე ფიქსირდება დამატებითი სერვისების საჭიროება. ამის შემდეგ პირს შეუძლია განაგრძოს მიღების პროცედურებში მონაწილეობა.
ირმა გიორგობიანის თქმით, შშმ პირები არ გადიან ტრადიციულ ტესტირებებს. არსებობს ალტერნატიული ტესტირების ფორმა – პრაქტიკული მოსინჯვა. აღნიშნულ პროცედურას, რომელიც დაახლოებით 40 წუთი გრძელდება გეგმავს პროფესიული განათლების მასწავლებელი და ინკლუზიური განვითარების სპეციალისტი ერთად. ამ პროცედურის მიზანია, რომ პოტენციურმა სტუდენტმა ნახოს იმ კონკრეტული პროფესიის დამახასიათებელი აქტივობები და მოსინჯოს საკუთარი ძალები.
„არის ერთი დეტალიც, გააჩნია, როგორია კონკურსი, თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის განსაზღვრულია კვოტა – ჯგუფის საერთო რაოდენობის მინიმუმ 15% და სსსმ პირები ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან ამ 15%-ის ფარგლებში. კულინარია და საინფორმაციო ტექნოლოგიები ძალიან პოპულარულია და შესაბამისად კონკურსიც მაღალია. როდესაც ერთ ადგილზე მაგალითად მოდის ორი ერთნაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება კოლეჯის შიდა კრიტერიუმებით ხდება, რაც ხშირ შემთხვევაში ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უპირატესობა ენიჭება იმ კონკურსანტს ვინც პირველად ხდება სტუდენტი, აქვს სოციალურად დაუცველი სტატუსი, ან მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და ა.შ“- განაცხადა ირმა გიორგობიანმა.
ირმა გიორგობიანის თქმით, პროფესიული სასწავლებლები გარდა იმისა, რომ აძლევს შშმ პირებს პროფესიული კომპეტენციების განვითარების საშუალებას, ასევე ხელს უწყობს მათ სოციალიზაციას და დასაქმების შესაძლებლობების განვითარებას, ამის გამო ხშირია, რომ ისინი ხშირად ბრუნდებიან პროფესიულ სასწავლებლებში სხვადასხვა პროფესიების დასაუფლებლად.
პროფესიული უნარების სააგენტოს ინკლუზიური განვითარების მენეჯერის თქმით, იმისთვის რომ სტუდენტს გაუადვილდეს მისთვის სასურველი პროფესიული პროგრამის შერჩევა, შემუშავდა სპეციალური საორიენტაციო სერვისი, რომელიც 6 კოლეჯში დაიტესტა. სერვისის მიზანია დაეხმაროს აპლიკანტებს, რომ გააკეთონ მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანი. სერვისის მიწოდებაში ჩართულები არიან კოლეჯების ინკლუზიური განვითარების სპეციალისტები, კარიერის მართვის მენეჯერები და პროფესიული განათლების მასწავლებლები. სამომავლოდ სერვისზე რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი, მსურველს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს 3 პროფესია, რომელშიც მას უნდა გარკვევა, ეს პროფესიები შერჩეული იქნება ფართო ჯგუფებად. სერვისი მოიცავს აქტივობების მთელ სპექტრს, იმისთვის რომ პირს შეექმნას მრავალმხრივი წარმოდგენა შერჩეულ პროფესიასთან დაკავშირებით.