საქართველოს კანიონების ტურისტული პოტენციალი – რა როლს ასრულებს ეკოტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

საქართველოში მოგზაურობის მიზეზები, პოპულარობის მიხედვით, 3 ძირითად ჯგუფად იყოფა. სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილზე ბუნება და სათავგადასავლო ტურიზმია; შემდეგ – კულტურა და ადამიანები; შემდეგ კი, ღვინო და საკვები. ქვეყანა, რომელიც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტირებული, ამ პირველ კომპონენტს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მოგზაურების მიერ დახარჯული თანხის დიდი ნაწილი სწორედ სათავგადასავლო ტურიზმზე მოდის. ეს მსოფლიო ტენდენციაა და ცხადია, საქართველოც ამ ტენდენციის ნაწილია.
ამ მხრივ, მთავარ როლს ქვეყანაში არსებული ის დაცული ტერიტორიები თამაშობს, რომლებზეც ტურისტული ინფრასტრუქურაა განვითარებული. ბოლო პერიოდში საქართველოში ეს მიმართულება საკმაოდ აქტუალური გახდა. მარტვილის, ოკაცესა და წალკის (დაშბაშის) კანიონებმა ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს და არა მხოლოდ კონკრეტული ლოკაციის, არამედ მთელი რაიონის განვითარებას შეუწყვეს ხელი.
2023 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ესტუმრა 1 500 000-ზე მეტი ვიზიტორი, რომლის 70% მხოლოდ კანიონებსა და მღვიმეებს ეწვია. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკო თევდორაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ბუნების ძეგლები, კანიონები, მღვიმეები და მცირე ზომის ბუნებრივად უნიკალური ტერიტორიები, რომლებიც სალაშქროდ და სამოგზაუროდ მარტივია, ტურისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
„კანიონებისა და მღვიმეების შემთხვევაში, ზრდა, წინა წელთან შედარებით, საშუალოდ, 20%-იანია. მარტვილის კანიონმა უკვე გადაასწრო 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს. მოგეხსენებათ, 2019 წელი მსოფლიო ტურიზმისთვისაც და საქართველოსთვისაც პიკური წელი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გერმანელი სპეციალისტების მიერ შეფასებული იქნა დაცული ტერიტორიების ეკონომიკური ეფექტიანობა, რაც 5 სხვადასხვა ტიპის დაცული ტერიტორიის კვლევას გულისხმობდა. გამოიკვეთა, რომ ეკონომიკური ეფექტი (იგულისხმება ვიზიტორის დანახარჯები არა მხოლოდ ადგილზე, არამედ ადგილზე მოსვლასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯებიც – გიდის მომსახურება, ცხენის ქირაობა, ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება და ა.შ.), ჯამურად, 87 მილიონი ლარი იყო. მსგავსი კვლევა ახლაც ტარდება და ახლო მომავალში დასრულდება, რის შედეგადაც მიმდინარე ტენდენციები გვეცოდინება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დანახარჯები იზრდება და ეკონომიკური ეფექტიანობა ძალიან მაღალი აქვს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ხელს უწყობს ტურისტების გაყვანას ძირითადი ტურისტული მიზიდულობის ცენტრებიდან – საზღვაო ნაპირიდან და დედაქალაქიდან. ტურისტები ჩადიან რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში, რაც ადგილობრივების შემოსავალზე პირდაპირ აისახება,“ – აღნიშნავს ნიკო თევდორაშვილი
მარტვილისა და ოკაცეს კანიონის პროექტი სახელმწიფო რესურსითაა შექმნილი, წალკის კანიონის პროექტი კი, კერძო ინვესტიციით განხორციელდა. ინვესტორმა იჯარით აიღო აღნიშნული ტერიტორი და ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი განმარტავს, როდესაც პროექტი კერძოა და ინვესტორი შემოდის, ის პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს, ლოკაცია უფრო საინტერესო გახადოს და განავითაროს. ამიტომ, ადგილის განვითარების, მიზიდულობის გაზრდის თვალსაზრისით, კერძო ინვესტიციის მოზიდვა უკეთესია.
გარდა იმისა, რომ ტურიზმში კანიონებს დიდი როლი უჭირავთ, ასეთი ადგილების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია. ეს კი, შესაბამისად, დამატებითი სერვისების განვითარებას უწყობს ხელს.
„როდესაც მარტვილის კანიონი გაიხსნა, მიმდებარე ტერიტორიაზე 2 რესტორანი და 1 განთავსების ობიექტი იყო წარმოდგენილი. დღეის მდგომარეობით, იმავე ტერიტორიაზე 40-ზე მეტი კვების ობიექტი და 60-ზე მეტი სასტუმროა. ეს ცალსახად აჩვენებს იმას, თუ როგორ განავითარა კანიონის შექმნამ და ვიზიტორების ნაკადის მიმართვამ კერძო სექტორი, რომელმაც სხვადასხვა სერვისი შესთავაზა აღნიშნულ ნაკადს. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისებს სტუმრებს ადგილობრივები აწვდიან. შესაბამისად, დასაქმების მაჩვენებელიც საგრძნობლად იმატებს.
ამჟამად თავად მარტვილის კანიონში 700-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 2018 წელს გერმანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ მარტვილის კანიონმა ქვეყნის ეკონომიკაში 15 მილიონი ლარი შეიტანა. ეს არა მხოლოდ უშუალოდ კანიონის შემოსავალს, არამედ ადგილობრივი კერძო სექტორის მიერ ტურისტებისთვის გაწეული დამატებითი სერვისებით მიღებულ შემოსავალსაც გულისხმობს.
მარტვილის კანიონის განვითარების მოდელი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. 2019 წელს მარტვილმა გაიმარჯვა ევროსაბჭოს ლანდშაფტის კონკურსში, როგორც მდგრადი განვითარების კუთხით ყველაზე მიმზიდველმა ადგილმა. მდგრად განვითარებაში კი, ლანდშაფტისა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ჰარმონიზაცია იგულისხმება. ძალიან სასიხარულოა, რომ არსებულ კანიონებს მალე შეუერთდება ბალდის კანიონიც, რომელიც შეძლებს ასევე უმასპინძლოს სტუმრებს.“ – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანიონი დაცული ტერიტორიაა, რომელიც 9999 წელს შეიქნა, რაც ნიშნავს, რომ ამ ადგილის განვითარება სახელმწიფოს ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება და კერძო სექტორსაც მკაცრად განესაზღვრება, თუ რა შეუძლია გააკეთოს და როგორ.
მიუხედავად ბაზრის მცირე მოცულობისა, ტურისტების საერთო რაოდენობაში ადგილობრივი მოგზაურების წილიც საკმაოდ მაღალია. სწორედ ასეთი ტიპის ობიექტებია ყველაზე მიმზიდველი ადგილობრივი, საქართველოს სხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის. ბოლო პერიოდში კანიონების განვითარებამ ბევრ ჩვენს მოქალაქეს აღმოაჩენინა ისეთი ადგილები, რომლის შესახებ არც კი ჰქონდათ გაგებული.
ამას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ მსგავს ტერიტორიებზე გარკვეულ სიახლეებს რეგულარულად ნერგავენ, რათა ხელი შეუწყონ მოგზაურს, ხელახლა ესტუმროს იმავე ადგილს. მაგალითად, მარტვილის კანიონს ზიპლაინი და ღამის განათება დაემატა (განათება დაემატა ოკაცეს ჩანჩქერსაც), რაც დამატებით ატრაქციასთან ერთად, მოგზაურობის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი სერვისების მიმწოდებლებისთვის, რადგან ერთ ადგილას დიდხანს დარჩენილი სტუმარი მათთვის უფრო მეტ შემოსავალს ნიშნავს.