კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საპროტესტო აქციებზე დარბევებითა და ჩხრეკებით პროვოკაცია მოაწყო. მისი თქმით, აქციაზე იმ 2 ადამიანის ვინაობა გაარკვია, რომლებიც მოქალაქეებს ძალადობრივად არბევენ. მან ამის შესახებ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე ისაუბრა.
“ქართულმა ოცნებამ მოაწყო პროვოკაცია. პოლიციელები, რომლებიც ერთ დღეს პოლიციელები არიან, ხოლო მეორე დღეს სადისტები, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, მესამე დღეს კი იყვნენ გადაცმულები, როგორც ტიტუშკები მათ შორის, ორის სახელი და გვარი ვიცით, ერთი მათგანი არის გიორგი პირველაშვილი, ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომელი და მირიან ქავთარაძე, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსი. ადრე მოძველბიჭო ელემენტებს რომ დაარბენინებდნენ, ახლა პოლიციელები გახდნენ ტიტუშკები”, – თქვა ჯაფარიძემ.
ასევე, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ სასტუმროს ცენტრალური შესასვლელიდან ძალოვანები მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.
“როცა ჩვენ გამოვდიოდით ქოუნთრიარდ მერიოტის ცენტრალური შესასვლელიდან, მათ დაიწყეს გინება და ხელების ქნევა. მივიღეთ შესაბამისი პასუხი და ცხადია, მოცვივდნენ იქ სპეციალური დანიშნულების ძალები და ისინი გაწიეს, არც ერთი მათგანს არც ერთი შეხებია, მიუხედავად იმისა, რომ მათი წამოწყებული იყო ეს კონფლიქტი, მათ შორის ალეკო ელისაშვილია დაკავებული და ჩვენ თვალწინ მას გაუსწორდნენ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.