თინა ბოკუჩავა – ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ დაკავებულებთან შესვლის უფლება

ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ შესვლის უფლება, რადგან დანაშაულებრივ ჯგუფს განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე [დაკავებულებზე] , რათა მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომლებიც გაამართლებდა იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალირებს ე.წ. დე ფაქტო , თითქოს ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას თუ სახელმწიფო გადატრიალებას, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დიღომში იზოლატორთან განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, მსგავსი უსამართლობა დაშინების ნაცვლად საზოგადოებას კიდევ უფრო აერთიანებს.
“დღეს ხუთი ჩვენი თანამებრძოლი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რომლებიც მთელი ამ დღის განმავლობაში ათიათასობით სხვა ახალგაზრდებთან ერთად იდგნენ რუსთაველის გამზირზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, უკანონოდ დააკავა რუსულმა “ომონმა”, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ქართულ პოლიციასთან. ამ ადამიანების სახელები მოისმინა საზოგადოებამ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო – დავით გედენიძე, რომლის ძმა და მამა ესწრებოდნენ ამ უკანონო დაკავებას. საბა ბირკაია, მიშო ჯანიკაშვილი, ვახტანგ გაგნიძე და ირაკლი არდია. ექვსი საათის განმავლობაში ადვოკატებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ მოენახულებინათ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში. ესეც მორიგი უკანონობაა, მათი დაკავებაც არის უკანონობა, ჩხრეკაც იყო უკანონობა, არც მე მომცეს შესვლის უფლება, რისი უფლებაც მაქვს, როგორც უფლებამოსილ პირს. ბოლო რამდენიმე დღეა ვხედავთ როგორ აკავებს რუსული “ომონი” მოქალაქეებს, სცემენ, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ახალგაზრდები ჰყვებიან შემზარავ ისტორიებს, რომ დაკავებისას აფურთხებენ.
ადვოკატებს ექვსი საათის განმავლობაში არ მიეცათ შესვლის უფლება, რადგან დანაშაულებრივ ჯგუფს განეხორციელებინა ზეწოლა ამ ადამიანებზე, რომ რამენაირად მოეპოვებინათ იმგვარი ჩვენებები, რომლებიც შემდეგ, რომელიც რაიმე ფორმით გაამართლებს იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც პედალირებს ე.წ. დე ფაქტო შსს თითქოს და ადგილი ჰქონდა ძალადობის ორგანიზებას თუ სახელმწიფო გადატრიალებას. ამის ავთენტურობის არავის სჯერა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ფალსიფიკაცია და ჩვენს თანაგუნდელებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით არ დაუშვეს მათთან ადვოკატების შესვლა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ეს ხუთი ახალგაზრდა, არამედ დანარჩენი ასეულობით უკანონოდ დაკავებული ადამიანი არცერთ მომენტში არ გატყდება, პირიქით, ჩვენ უფრო გვაძლიერებს ასეთი უსამართლობა და გვაერთიანებს საზოგადოებას, როდესაც აღარ არსებობს არანაირი პოლიტიკური გამყოფი ხაზები და ჩვენ ვართ სრულიად ერთიანი, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ