ყველა კითხულობს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ჩამოსვლა – ჰოტელიერი

ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი BM.GE-სთან ზამთრის ტურისტულ სეზონს აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ინდივიდუალური ჯავშნები სხვადასხვა პლატფორმებიდან არ შეჩერებულა, თუმცა გაჩერებულია ტურისტული სააგენტოებიდან ჯგუფური ტურები.
მისივე ცნობით, ჯავშნები, რომელიც ამ დრომდე გუდაურის სასტუმროში ფიქსირდება, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაწყებამდე იყო განხორციელებული. მურაჩაშვილი დასძენს, რომ მათ დაუბრუნებელი გადახდის სისტემა აქვთ, შესაბამისად ჯავშნების გაუქმება არ არის პროგნოზირებული. თუმცაღა მომხმარებლები მოითხოვენ, რომ მათი გუდაურში უსაფრთხოდ ჩაყვანა უზრუნველყოფილი იყოს.
„გუდაურში ინდივიდუალური ჯავშნები სხვადასხვა პლატფორმებიდან არ შეჩერებულა. თუმცა, ყველა კითხულობს, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანაში ჩამოსვლა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს საზღვარგარეთაც აკვირდებიან, შესაბამისად გვთხოვენ, რომ უსაფრთხოების ზომები და მათი ტრანსპორტირება უზრუნველვყოთ.
ბუნებრივია, რომ არ იყოს ეს პროცესები, გაცილებით მეტი ჯავშანი გვექნებოდა. პროცესები დედაქალაქში მიმდინარეობს, შესაბამისად, ძირითადი ფრენები გუდაურისთვის თბილისშია. აქედან გამომდინარე, შარშან ამ პერიოდში ბევრად მეტი ჯავშანი გვქონდა, ვიდრე ახლაა. ახლა ახალი წლის დღეებში 96%-ით არის დატვირთული. თუმცა, ეს ის წინასწარი ჯავშნებია, რომლებიც ამ მოვლენებამდე განხორციელდა. რისკი იმისა, რომ ჯავშნები გაუქმდეს არ არის, რადგან ჩვენ დაუბრუნებელი გადახდის სისტემა გვაქვს ჩართული. ანუ დაჯავშნიან თუ არა, თანხა მაშინვე ეჭრებათ “, – ამბობს მურაჩაშვილი.
მისივე ცნობით, თუ ქვეყანა ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ტრანსპორტირება უსაფრთხოდ ვერ მოახერხეს, თანხების უკან დაბრუნება მოუწევთ.
„სხვათაშორის, რაც ეს ამბები დაიწყო დან ჯავშანი არ შემომსვლია. ძირითადად ჯავშნები მოდის პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, ასევე ც გააქტიურდა ხანგრძლივი ჯავშნების კუთხითაც. ამ ბოლო დროს მექსიკაც მყავდა. ამ ეტაპზე, Booking.com-ზე ვმუშაობთ, რადგან ზამთრის სეზონზე ტურისტული კომპანიები ტურისტების გამოშვებისგან თავს იკავებენ.
ფასები არ შეგვიმცირებია, რადგან ამის საჭიროება არ დგას. გასულ წელთან შედარებით, წელს უფრო მაღალი ფასი გვაქვს. დაახლოებით 15-20%-იანი ზრდა გვაქვს. შარშან თუ განთავსების ღირებულება 100-110 დოლარი იყო, წელს 140% დოლარია. ჯერჯერობით ცუდი პროგნოზები არ გვაქვს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა სიტუაცია პირდაპირ დაგვარტყამს“, – აცხადებს ჰოტელიერი.