სად (აღარ) შეიძლება აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების შეძენა?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიებს აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების გაყიდვა აეკრძალათ.
BM.GE დაინტერესდა, რამდენად რეალურია ინფორმაცია, შესაბამისად ჩვენ ერთ-ერთ ონლაინ მაღაზიასა და რამდენიმე ჰიპერმარკეტს დავუკავშირდით.
ჰიპერმარკეტ “გორგიაში” განგვიცხადეს, რომ აირწინაღების მარაგი ამოწურულია, ყველა ფილიალში. ხოლო პიროტექნიკა, მათთან საერთოდ არ იყიდება. ხოლო, “დომინოში” ამბობენ, რომ აირწინაღების, სათვალეების, პიროტექნიკისა და ჩაფხუტების მარაგები ამოწურულია.
ონლაინ მაღაზია VELI.store-ში განაცხადეს, რომ მათი ძირითადი მიმართულება არა პიროტექნიკა, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთებია. მართალია ვებგვერდზე სხვადასხვა სახის პროდუქცია ნამდვილად ფიქსირდება, თუმცა ისინი სადღესასწაულო, ან წვეულების კატეგორიიდანაა.
„შეზღუდვები პიროტექნიკის გაყიდვასთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვხებია. პიროტექნიკასთან აქტიური შეხება არც გვაქვს. შეიძლება მსგავსი სახის პროდუქტები გვქონდეს ასორტიმენტში, რომელიც წვეულებების კატეგორიაში შეიძლება იყოს. ამასთან, აირწინაღების მარაგებიც სრულად ამოწურულია, – აცხადებენ ონლაინ მაღაზიაში.
კითხვაზე როდის შეივსება აღნიშნული პროდუქციის მარაგები, კომპანიებში გვიპასუხეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ლილოს ბაზარში პიროტექნიკის მაღაზიები და საწყობები მოვაჭრეებს დალუქული დახვდათ.
“სამი ძმა” ფოიერვერკებს ყველას არ მიჰყიდის