მზარდი კრიტიკის ფონზე, თეთრი სახლი ბაიდენის მიერ შვილის შეწყალებას ამართლებს

2 დეკემბერს, თეთმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი ჰანტერი ნაწილობრივ იმის გამო შეიწყალა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან მომავალში დევნისგან დაიცვას. მაგრამ, მისმა ნაბიჯმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ზოგიერთი დემოკრატი ამბობს, რომ ამან კანონის უზენაესობის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირი გამოუთხარა.
დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟის, ჰანტერის უპირობო შეწყალებას კვირას მოაწერა ხელი. ბაიდენს საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს უსრულდება და ამავე დღეს მას არჩეული რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჩაანაცვლებს. ბაიდენის განცხადებით, მას სჯერა, რომ მისი შვილის წინააღმდეგ სასამართლო დევნა შერჩევითი პრინციპით მოხდა და ის პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტების სამიზნე უსამართლოდ გახდა.
ადრე ბაიდენმა თქვა, რომ საკუთარ შვილს არ შეიწყალებდა. მათ შორის, ივნისში, „ეი-ბი-სი ნიუსის“ ჟურნალისტის კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა ამ შესაძლებლობას, უპასუხა: „დიახ“.
ბაიდენის ნაბიჯი გააკრიტიკა არ მხოლოდ რესპუბლიკურმა ოპოზიციამ, არამედ დემოკრატებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ამან იურიდიული სისტემის მიმართ ნდობა გამოფიტა. ეს სწორედ ის კონცეფციაა, რომელსაც ბაიდენი და მისი პარტია ტრამპის კრიტიკისთვის იყენებდა.
ჰანტერ ბაიდენი გაასამართლეს საგადასახადო დარღვევებისა და იარაღთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. კონგრესის რესპუბლიკელები მას წლების განმავლობაში ბრალს სდებდნენ ბიზნეს გარიგებებში, რისთვისაც მამის სახელს იყენებდა, მაგრამ ნათელი კავშირები ვერ დაადგინეს.
ორშაბათს, 2 დეკემბერს თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა პრეზიდენტის ნაბიჯის დაცვა სცადა და თქვა, რომ ბაიდენს სჯეროდა, ჰანტერს მომავალშიც შევიწროება ელოდა მისი მოწინააღმდეგეებისგან, რომლებიც ჟან-პიერმა არ დაასახელა.
თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი ოჯახის წევრს იწყალებს. ბილ კლინტონმა თანამდებობის დატოვებამდე თავისი გერი ძმა როჯერი და ტრამპმა კი თავისი ქალიშვილის მამათილი, ჩარლზ კუშნერი შეიწყალა.
ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი ენდობა იუსტიციის დეპარტამენტს მიუხედავად მისივე განცხადებისა, რომ იურიდიულ სისტემაში მისი შვილის პროცესი პოლიტიკით იყო „ინფიცირებული“.