საკონსტიტუციო სასამართლომ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა, ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ფუნქციონირება დაასრულა – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ქეთევან ერემაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს ერთადერთი სწორი ქმედება სარჩელების დაკმაყოფილება და არჩევნების შედეგების გაბათილება იყო.
„საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო უბრალოდ ფიზიკურად არ არსებობს. სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა არ არსებობის საკითხი. მას ჰქონდა შესაძლებლობა შიშველი ძალაუფლება მოეთოკა და მოექცია კონსტიტუციის ფარგლებში. ძალიან დასანანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა არ გაიგეს რა ეწერა სარჩელებში. არ და ვერ გაიგეს, არ დაინახეს 100 ათასობით ადამიანის ხმა. ისინი ვალდებულები იყვნენ დიდი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ ამ საკითხს და არა მხოლოდ მიეღოთ წარმოებაში, არამედ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ორივე სარჩელი დაეკმაყოფილებინათ და არჩევნების შედეგები გაბათილებულიყო. ჩემთვის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს ფუნქციონირება დაასრულა“,- განაცხადა ქეთევან ერემაძემ.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო.