საკონსტიტუციომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე

საქართველოს საკონსტიტუციომ 26 ოქტომბრის ს არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები წარმოებაში არ მიიღო. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა.
რას ითხოვდნენ პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაოობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო.
პრეზიდენტი თავის სარჩელში აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა (საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი):
· ხმის მიცემის ფარულობა – პრეზიდენტი იზიარებს ფართოდ გავრცელებულ შეშფოთებას იმის შესახებ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან მელნის გაჟონვამ ცხადყო, რომელ პარტიას მისცა ამომრჩეველმა ხმა;
· ხმის მიცემის საყოველთაობა – პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმის მიცემის უფლება სახელმწიფომ უგულებელყო იმით, რომ არ უზრუნველყო მათ მიერ ხმის მიცემის უფლების გამოყენება.
იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა.
მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა.
როგორ ასაბუთებს პლენუმი უარს სარჩელის განხილვაზე?
პლენუმის 7-მა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელები არ იყო დასაბუთებული და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სარჩელის საფუძვლიანობა დაადასტურებდა.
ამასთან, მასში გამოკვეთილი არ იყო აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევაზე საკონსტიტუციომ დაწერა:
მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობა, თავისთავად, დაკავშირებულია გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, მოქალაქეებს, ბუნებრივია, უწევთ საარჩევნო უბნებთან მისვლა, მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფლობა, მარკირების გავლა და სხვა.
ამდენად, არჩევნებში მონაწილეობაზე გარკვეული ბარიერის დაწესება, მათ შორის, ამა თუ იმ ადგილას საარჩევნო უბნის გაუხსნელობა, თავისთავად, საარჩევნო უფლების დარღვევაზე არ მიუთითებს.
უფლების დარღვევა შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს, გონივრული რესურსების გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა, საზღვარგარეთ მოეხდინა საარჩევნო გეოგრაფიის უფრო ფართო დაფარვა, დამატებით ლოკაციებზე საარჩევნო უბნების გახსნა არჩევნების სათანადოდ ორგანიზების პირობით და მან ეს არ განახორციელა. სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში.
მასალა ახლდება